ცეცხლაძე საზმაუზე: ჩვენს აქციაზე 1 წინადადებაც არ თქვეს, ეს დღე-ღამე შავ ლაქად დარჩებათ

რეჟიმის პატიმრების მშობლებმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან 24-საათიანი აქცია გამართეს.
მშობლებს საზმაუსთან რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ – ეთერის დათმობა, ხელმძღვანელობასთან შეხვედრა და სამეურვეო საბჭოს რეაგირება.
აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ თქვა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საერთოდ არ გააშუქა საინფორმაციო გამოშვებაში მშობლების აქცია, რომელიც საზმაუს შენობასთან 24 საათის განმავლობაში იმართებოდა და არც მათ მოთხოვნებზე ჰქონიათ რეაგირება.
“ჩვენი 24-საათიანი საპროტესტო აქტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან შედგა. უმოქმედობისა და იგნორირების პოლიტიკის გამო, ეს დღე-ღამე საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას შავ ლაქად დარჩება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერს, ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და სამეურვეო საბჭოს რეაგირებას მოვითხოვდით. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ 24 საათის განმავლობაში ჩვენს მოთხოვნებზე არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა, მეტიც, მათ საინფორმაციო გამოშვებაში ამ ყველაფერზე ერთი წინადადებაც არ თქმულა.
24-საათიანი აქციის დასრულება ჩვენი ბრძოლის დასრულებას არ ნიშნავს, თუმცა, ახლა ჯერი საზოგადოებაზეა. მივმართავთ თითოეულ ადამიანს, რომელსაც სამართლიანობა, საკუთარი უფლებები და ქვეყნის მომავალი აინტერესებს.
თუ ჩვენი ხმა არ ისმის იქ, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი უნდა იყოს ღია, მაშინ, საჭიროა ეს ხმა ყველამ ერთად გავაგონოთ. ჩვენი ოჯახის წევრები ჩვენი შვილებისა და ახლობლებისთვის ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ, მაგრამ ამ ბრძოლაში საზოგადოების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ 24 საათის განმავლობაში ჩვენს გვერდით იდგა, გვესტუმრა, გვამხნევებდა ან ჩვენი ხმა გაავრცელა. ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ახლა კი ჯერი საზოგადოებაზეა”, – თქვა ზურაბ ცეცხლაძემ.