სოლიდარობასა და მხარდაჭერას ვუცხადებთ გოგოებს და ვაცხადებთ, რომ ამ უმძიმესი ძალადობის ჩამდენი აუცილებლად უნდა იქნეს დასჯილი, – ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ „ლანჩხუთის“ ფეხბურთელი გოგოების პროტესტს, რომელიც კლუბ „ნიკე ლუსოსთან“ დაკავშირებული ძალადობის შემთხვევას და მისი ყოფილი მფლობელის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის საქმეს ეხებოდა.
განცხადება კოალიციის წევრმა მარიკა არევაძემ სპეციალურ ბრიფინგზე გააჟღერა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მომხდარზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დუმილი შემზარავი დანაშაულია.
კოალიცია სოლიდარობას უცხადებს „ნიკე ლუსოს“ ფეხბურთელ ქალსა და ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთს“ და მოუწოდებს სახელმწიფოსა და ფეხბურთის ფედერაციას, აღნიშნულ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები დაისაჯონ.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ სახელით, გვსურს გამოვეხმაუროთ ქალთა საფეხბურთო კლუბის „ნიკე ლუსოს“ 20 წლის მოთამაშის, საქართველოს ნაკრების წევრის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტს და ამასთან დაკავშირებით ფეხბურთელ ქალთა პროტესტს.
პირველ რიგში, სოლიდარობასა და მხარდაჭერას ვუცხადებთ გოგოებს და ვაცხადებთ, რომ ამ უმძიმესი ძალადობის ჩამდენი აუცილებლად უნდა იქნას დასჯილი.
სექსუალური ძალადობის საქმე, რომელშიც 20 წლის ფეხბურთელი ქალის მიმართ თურქეთის მოქალაქე, კლუბის პრეზიდენტის მეჰმეთ უიარის მიერ განხორციელდა, დაუსჯელი დარჩა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ის გაამართლა და სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ ამ საქმეზე არ დადგა სამართლიანი განაჩენი.
საქართველოში მართლმსაჯულების ჩამოშლა არ არის მხოლოდ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების პრობლემა და არ წარმოადგენს მხოლოდ მათი დევნის ინსტრუმენტს. ამ შემთხვევაშიც, განაჩენი გამოაცხადა მოსამართლე არევაძემ, რომელიც დაკავშირებულია არაერთ უსამართლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან.
გავრცელებული ინფორმაციით, ამავე კლუბში ადგილი ჰქონდა ქალი ფეხბურთელების გასახდელში ვიდეო-კამერების აღმოჩენასა და გოგოების თვალთვალს. ამ ნაწილშიც მართლმსაჯულება დუმს. დამნაშავე ივანიშვილის კორუმპირებული სასამართლოს მიერ არის დაუსჯელი.
სექსუალური ძალადობის საკითხზე ფეხბურთის ფედერაციისა და კლუბის მხრიდან სრული დუმილი შემზარავია და გვაფიქრებინებს, რომ ეს საკითხი სახელმწიფოსთვის ან სრულიად უმნიშვნელოა ან მათი მფარველობის გარეშე არ ჩაუვლია.
როცა ქალ ფეხბურთელებზე ხდება ძალადობა, როდესაც სპორტსმენის პირადი სივრცე ირღვევა, როდესაც მოედანზე ფეხბურთელებს ფიზიკურად უსწორდებიან და შემდეგ ყველა ჩვეულ გარემოს, ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება, ეს უკვე სისტემური უსაფრთხოების საკითხია.
ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია – ჩვენ ვართ ძალადობის მსხვერპლის მხარეს. სრული სოლიდარობა 20 წლის ფეხბურთელ ქალს, ჩვენი მხარდაჭერა ქალთა საფეხბურთო გუნდს, რომელიც მსხვერპლის გუნდისგან განსხვავებით, სოლიდარობის ნამდვილად შთამბეჭდავი მაგალითი გვიჩვენა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან მოვითხოვთ კონკრეტულ პასუხებს კითხვებზე. მკაფიოდ უნდა დააფიქსირონ და დაადგინონ, რომ ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობა არა მხოლოდ დანაშაულია, არამედ შეუთავსებელია ფეხბურთთან, სპორტთან.
ქალთა მიმართ ძალადობის ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა არ არის ცარიელი სიტყვები და ის უნდა აისახოს კონკრეტულ გადაწყვეტილებებში, კონკრეტული პასუხისმგებელი პირების დასჯაში, რასაც მოვითხოვთ სახელმწიფოსა და ფეხბურთის ფედერაციისგან“, – ნათქვამია „კოალიცია ცვლილებისთვის“ განცხადებაში.
ცნობისთვის, „ნიკე ლუსოს“ ყოფილი პრეზიდენტი 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის შედეგად, დარბაზიდან გათავისუფლდა. მას გამოძიება კლუბ „ნიკე ლუსოს“ ფეხბურთელი გოგოს მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულს ედავებოდა.
29 სექტემბერს, საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა კლუბ „ნიკე ლუსოსთან“ თამაში ჩაშალეს და სტადიონზე გამოფინეს ბანერი წარწერით „ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა“.
მოგვიანებით კლუბმა „ლანჩხუთმა“ გაავრცელა განცხადება, სადაც ეწერა, რომ ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას ემიჯნებიან და კლუბ „ნიკე ლუსოს“ ფეხბურთელ გოგონას სოლიდარობას უცხადებენ. განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ კლუბის მფლობელს გოგონების გასახდელში ვიდეო კამერები ჰქონდა დამონტაჟებული.
დღეს კლუბმა „ნიკე ლუსომ“ საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც „ლანჩხუთი“ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში დაადანაშაულა და გასახდელში არსებული კამერების შესახებ ფაქტიც უარყო.
„კანონმდებლობიდან გამომდინარე არ გვაქვს შესაძლებლობა საზოგადოებას მივაწოდოთ და გავასაჯაროოთ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები. მტკიცებულებები, რომელთა გაცნობაც თითოეულ თქვენგანს დაარწმუნებს, რომ ჩვენი გუნდის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ განხორციელდა ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება მსხვერპლის სტატუსის მქონე და პროტესტში მონაწილე ფეხბურთელების მიერ.
,,ნიკე-ლუსოსს’’ ფეხბურთელები ვარჯიშობენ და თამაშობენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოყოფილ ბაზაზე, შესაბამისად ჩვენს კლუბს არ აქვს რაიმე სახის წვდომა ბაზაზე განთავსებულ ვიდეო კამერების ჩანაწერებთან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთ გასახდელში არასდროს არ განხორციელებულა ვიდეო მონიტორინგი. უფრო მეტიც, ,,ნიკე-ლუსოს’’ სამუშაო ოფისში საერთოდ არ არის განთავსებული გასახდელი სივრცე“, – ვკითხულობთ „ნიკე ლუსოს“ განცხადებაში.




