უკრაინის ომში დაღუპული კახა თილიძის მეუღლე, ცირა ქინქლაძე, მათი 9 წლის შვილის, დანიელის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას განმარტავს და აცხადებს, რომ ბავშვის პირადი განცდა სოციალურ ქსელში კამათისა და შეურაცხყოფის მიზეზი გახდა.
“- ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, რომ ბავშვის პირადი განცდა კომენტარებში კამათისა და შეურაცხყოფის მიზეზად იქცა. განსხვავებული აზრი ყველას შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ სანამ კომენტარს დაწერთ, გთხოვთ, სწორად გაიგოთ, რაზეა საუბარი და გახსოვდეთ, რომ დანიელი ბავშვია“,- წერს ცირა ქინქლაძე, კომენტარში, გამოცემასთან “მთავარი ამბები კახეთიდან”.
მისი განმარტებით, დანიელი ამერიკაში, კარგ სკოლაში დადის და მასწავლებლებთან კარგი ურთიერთობა აქვს.
შემთხვევის დღეს, მისი შვილის მუდმივი მასწავლებელი პირადი მიზეზის გამო, სკოლაში არ იმყოფებოდა, ხოლო კლასში სხვა მასწავლებელი შევიდა, რომელმაც ბავშვებს რუსული ცეკვის სწავლა შესთავაზა.
დედის თქმით, დანიელმა საკუთარი დამოკიდებულება გამოხატა, ხოლო მისი მუდმივი მასწავლებელი უკვე დაბრუნდა და ჩვეულ საქმიანობას აგრძელებს.
“- უბრალოდ მეგობარს გავუზიარე ჩემი გულისტკივილი იმის შესახებ, რაც ბავშვმა რუსულ ცეკვასთან დაკავშირებით მომიყვა. ჩემს მეგობარს დანიელი ძალიან უყვარს, მისმა პროტესტმა გული აუჩუყა და ამიტომ დაწერა პოსტი. მადლობა ყველას, ვინც მას კეთილი სიტყვა უთხრა,”- აღნიშნავს ქინქლაძე.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ომში დაღუპული ქართველი მებრძოლის, კახა თილიძის 9 წლის შვილთან დაკავშირებით ინფორმაცია სამოქალაქო აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა გაავრცელა.
მისი ცნობით, ამერიკულ სკოლაში დანიელს რუსული ცეკვის სწავლა შესთავაზეს, რაზეც ბავშვმა უარი თქვა და განაცხადა, რომ მამის მკვლელების ცეკვას არ იცეკვებდა.
მაქარაშვილის თქმით, ამის შემდეგ მთელმა კლასმა რუსული ცეკვის სწავლაზე უარი თქვა და სკოლის ტერიტორია დატოვა.




