“ე.წ. კანონიერ ქურდთან ერთად მკვლელობა დაგეგმეს” – გურიაში 3 პირი დააკავეს

გურიის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჯგუფურად მომზადებისა და ე.წ ქურდული სამყაროს წევრობის  ბრალდებით სამი პირი დააკავა. გარდა ამისა, შსს-ს ცნობით, საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.
“სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ორმა ბრალდებულმა წარსულში არსებული პირადი კონფლიქტისა და შურისძიების მოტივით, ერთ-ერთი პირის მკვლელობა დაგეგმა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საზღვარგარეთ მყოფ “კანონიერ ქურდს”, ალექსანდრე ქურასბედიანს, მეტსახელად “წრიპას“ დაუკავშირდნენ და მკვლელობის დეტალები, მათ შორის დრო და ადგილი განსაზღვრეს.
უშუალოდ მკვლელობის შესასრულებლად კი, თბილისიდან გურიის რეგიონში ჩამოიყვანეს პირი, რომელსაც დაკავების შემთხვევაში მატერიალურ უზრუნველყოფასა და პენიტენციურ დაწესებულებაში მფარველობას დაჰპირდნენ.
ოპერატიული ღონისძიებებითა და საგამოძიებო მოქმედებებით, ასევე, დასტურდება, რომ ბრალდებულებმა შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები და ასაფეთქებელი მოწყობილობა, შეისწავლეს მსხვერპლის გადაადგილების მარშრუტი, შეარჩიეს ჩასაფრებისა და თავდასხმისთვის ხელსაყრელი ადგილი და წინასწარ შეიმუშავეს დანაშაულის დაფარვის გეგმა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დანაშაულის სისრულეში მოყვანამდე დააკავეს” – აცხადებს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით  და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ “კანონიერ ქურდს” უკავშირდებოდნენ. სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა” – წერს შსს.