ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ჯანდაცვის სექტორზე დადებითად იმოქმედებს – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა თენგიზ ვერულავამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში განაცხადა.მისი თქმით, დღეს ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეული ზარალი მოქალაქეზე და სახელმწიფოზე ნაწილდება. დაზღვევის სავალდებულო სისტემის ამოქმედების შემთხვევაში კი ზარალის ანაზრაურებაში სადაზღეო კომპანიები ჩაერთვებიან, საბოლოოდ კი ეს ხარჯი მოქალაქეების სოციალურ მდგომარებას ნაკლებად დააწვება.„რაც უფრო მეტი ადამიანია დაზღვეული, მით უფრო მეტად ნაწილდება რისკები ერთმანეთს შორის და აქედან გამომდინარე, მით უფრო ნაკლებია თითოეული პირის სადაზღვევო პრემიის ოდენობა. ეს არის მთელი არსი, თუ რატომ უნდა იყოს დაზღვევა სავალდებულო. ამით იხეირებს ოჯახი, სახელმწიფო და ფინანსური ტვირთი გადანაწლიდება,“ – აღნიშნა ვერულავამ.დაზღვევის ასოციაციის ხელმძღვანელის დევი ხეჩინაშვილის თქმით კი, დაზღვევის ეს სახეობა ადამიანების როგორც ქონების, ისე ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, ხარჯების ანაზღაურების გარანტია.„ეს დაზღვევა არ ფარავს შენი საკუთარი ავტომობილის დაზიანების ხარჯებს, არამედ ფარავს იმ ზიანს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შენ – მძღოლმა – შეიძლება მიაყენო სხვას. ესაა სისტემა, რომელმაც უნდა დაფაროს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი აბსოლუტურად ყველა ზარალი. ეს ნიშნავს იმას, რომ, მანქანა რომ დაზღვეული არ იყოს, ან იყოს გატაცებული და ამ გატაცებული მანქანით მძღოლი დააზიანებს სხვების როგორც ჯანმრთელობას, ისევე ქონებრივ მდგომარეობას, ან იყოს დაუდგენელი შემთხვევა – დაარტყა და გაიქცა – ყველა შემთხვევაში ზარალი ანაზღაურებული უნდა იყოს,“ – განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების მიზნით საკანონმდებლო ორგანო მუშაობას უახლოეს მომავალში დაიწყებს. აღმასრულებელი ხელისუფლება ცვლილებების მიზეზად გაზრდილ ავტოსაგზაო შემთხვევებსა და ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებას ასახელებს. ამ დაზღვევის ამოქმედება ნიშნავს იმას, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავების ან ავტომობილის დაზიანების შემთხვევაში ადამიანს ზარალის ანაზღაურების გარანტია ექნება და კერძო პირთან დავა არ დასჭირდება.როდის შევა ძალაში აღნიშნული ცვლილება და რამდენი ლარის გადახდა მოუწევს მოქალაქეს, ასევე ის, თუ როგორი იქნება ასანაზღაურებელი თანხები – ჯერჯერობით უცნობია. საზოგადოებისთვის მეტი დეტალი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საკანონმდებლო ორგანო კანონპროექტის განხილვებს დაიწყებს. თუმცა სახელმწიფომ უკვე დააფიქსირა გადაწყვეტილება, რომ უახლოეს მომავალში დაზღვევის ეს სახეობა ქვეყანაში სავალდებულო გახდება.
