“სამშობლო მხოლოდ ადგილი არ არის – ემიგრაციამ საქართველოს სიყვარული ვერ წაგვართვა” – ირაკლი იეგოიანის დედამ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა

ირაკლი იეგოიანი „ექსელსიორის“ რიგებში ჩინებულად ასპარეზობს ერედივიზიონში, ერთა ლიგის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს და უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგა. ფეხბურთელის დედამ, თამარა გრანკოფსკაიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
„ჩემი შვილი საქართველოში ჩამოვიდა. იმ ქვეყანაში, სადაც მისი ბავშვობის ყველაზე თბილი მოგონებებია დარჩენილი. მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 4 წლის იყო, როცა ნიდერლანდებში გადავედით საცხოვრებლად, საქართველოს, თბილისისა და განსაკუთრებით ბაბუას სიყვარული არასოდეს დავიწყებია. დრო და მანძილი ვერაფერს გახდა იმ კავშირის წინააღმდეგ, რომელიც გულში ბავშვობიდან ჩაიბეჭდა.
დღეს რომ ვუყურებ, როგორ ხვდება ბაბუას, ვხვდები, სამშობლო მხოლოდ ადგილი არ არის… სამშობლო ის ადამიანები არიან, ვინც გულში გატარებენ, სადაც არ უნდა იყო და რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს. ემიგრაციამ ბევრი რამ წაგვართვა: ნაცნობი ქუჩები, ოჯახური დღეები, ერთად გატარებული წლები… მაგრამ ვერ წაგვართვა სიყვარული, რომელიც საქართველოსთან და ჩვენს საყვარელ ადამიანებთან გვაკავშირებს. თბილისი ისევ ის თბილისია… ბაბუა ისევ ის ბაბუაა… და ჩემი შვილის გულში საქართველო ისევ თავის ადგილასაა. მანძილი შეიძლება დიდხანს გვაშორებდეს ერთმანეთს, მაგრამ ნამდვილ სიყვარულს საზღვრები არ აქვს“.