რუსეთის მხრიდან პოლიტიკის კარნახის მცდელობას არასდროს შევეგუებით – ლე პენი და ბარდელა

მარინ ლე პენი და ჟორდან ბარდელა
APულტრამემარჯვენე პარტია ეროვნული გაერთიანების ლიდერებმა, მარინ ლე პენმა და ჟორდან ბარდელამ რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმების ფონზე მოსკოვის მიმართ კრიტიკული განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც წერია, რომ ისინი რუსეთის მხრიდან “დაშინებით, მუქარებით, დესტაბილიზაციით თუ ფსიქოლოგიური ზეწოლით” საფრანგეთის პოლიტიკის კარნახს “არასდროს შეეგუებიან”.
“არასდროს შევეგუებით უცხოური ძალის, ამ შემთხვევაში, რუსეთის მხრიდან დაშინებით, მუქარებით, დესტაბილიზაციით თუ ფსიქოლოგიური ზეწოლით ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის კარნახის ირიბ თუ პირდაპირ მცდელობას”. – წერია ლე პენისა და ბარდელას ერთობლივ განცხადებაში.
ლე პენმა და ბარდელამ დაწერეს, რომ საფრანგეთს რუსეთის “ვერანაირი ფარული ოპერაცია” ვერ აიძულებს, რომ მას უკრაინაში სამხედრო მიზნების მიღწევაში დაეხმაროს. პარტიის ლიდერებმა ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტში ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონების გამოყენებით თავდასხმის მცდელობა ახსენეს, რომელზეც პასუხისმგებლობა გერმანიის მთავრობამ ოფიციალურად რუსეთს დააკისრა და საპასუხო ზომები გამოაცხადა.
“ვერანაირი პროვოკაცია, ვერანაირი ფარული ოპერაცია და ვერანაირი დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედება ვერ აიძულებს საფრანგეთს, რომ რუსეთს უკრაინაში სამხედრო მიზნების მიღწევაში დაეხმაროს. საფრანგეთის საგარეო პოლიტიკა წყდება პარიზში, სუვერენულად, მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებზე დაყრდნობით. ის ვერ განისაზღვრება მოსკოვში ან ნებისმიერ სხვა უცხოურ დედაქალაქში”. – წერია განცხადებაში.
ეროვნული გაერთიანების ლიდერებმა ყურადღება ასევე გაამახვილეს რუსეთში მოქმედი ფრანგული და ევროპული კომპანიების, მათ შორის, რიტეილერ Auchan-ისა და შვეიცარიულ საკვებისა და სასმელის მწარმოებელ Nestlé-ს აქტივების ჩამორთმევაზე. მათი თქმით, ეს “მტრული ნაბიჯია საფრანგეთისა და ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ” და “უნდა მტკიცედ დაიგმოს”.
ცნობისთვის, ლე პენმა და ბარდელამ ერთობლივი განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნეს, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებთან, მათ შორის, ბარდელასთან ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტიდან და რუსეთ-უკრაინის ომიდან წარმოქმნილ საფრთხეები განიხილა.