თამაზ ბორაშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სუსის უკვე მე-6 უფროსია. უსაფრთხოების სამსახურის არცერთ უფროსს არ ამოუწურავს კანონით განსაზღვრული 6-წლიანი ვადა. 6 უფროსიდან ერთი მსჯავრდადებულია – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, მათ შორის – ქოლცენტრების მფარველობისთვის.
- ყველაზე დიდხანს პოსტზე სწორედ ამჟამად მსჯავრდადებული გრიგოლ ლილუაშვილი დარჩა – 5 წელი და 6 თვე [2019 წლის ოქტომბერი -2025 წლის აპრილი];
- ყველაზე მცირე ხნით – ანრი ოხანაშვილი, არასრული ხუთი თვით [2025 წლის აპრილიდან აგვისტომდე] და გელა გელაძე – ასევე არასრული 5 თვით [2026 წლის აპრილიდან სექტემბრამდე];
- ყველაზე მეტი წოდება – გენერალ-მაიორის ჩინამდე, არასრულ 8 თვეში მამუკა მდინარაძემ მიიღო [პოსტზე იყო 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის აპრილის ბოლომდე];
- პირველი – სუსის უფროსის პოსტზე ვახტანგ გომელაური დაინიშნა [2015 წლის ივლისი -2019 წლის სექტემბერი], მოგვიანებით ის აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირეს;
- “პირველი კარიერული წარმომადგენელი” სუსის უფროსად – ასე წარადგინა “ქართული ოცნების” მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სუსის ამჟამინდელი უფროსი თამაზ ბორაშვილი.
ოფიციალური ვერსიით, სუსის არცერთი უფროსი თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებიათ. თუმცა ყოველი გადადგომა თუ გადაყვანა იწვევდა ეჭვებს – წავიდა თუ გაუშვეს? რატომ დააქვეითეს?
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი) 2015 წელს შეიქმნა და საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაშია. სუსის საქმიანობა მოიცავს კონსტიტუციური წყობილების, ტერიტორიული მთლიანობის, ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვასა და ტერორიზმთან ბრძოლას.
აქ ვიხსენებთ, რით გამოირჩეოდნენ “ქართული ოცნების” ხელისუფლების სუსის უფროსები? რით დაამახსოვრეს თავი სისტემას, საქართველოს მოქალაქეებს და რას აპირებენ მომავალში? რა მოვლენებს ემთხვევა პოსტიდან მათი წასვლა?
#6 – თამაზ ბორაშვილი
სუსის უფროსად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას “ქართული ოცნების” უმრავლესობამ პარლამენტში 16 სექტემბერს 83 ხმით დაუჭირა მხარი. ის მანამდე, 2025 წლის სექტემბრიდან უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. ამ პოსტზე ის ყოფილმა უფროსმა, მამუკა მდინარაძემ, კიდევ სხვა სამ მოადგილესთან ერთად წარადგინა.
2026 წლის 15 სექტემბერს, სუსის უფროსის კანდიდატად დასახელების შემდეგ, ბორაშვილს მდინარაძე არ უხსენებია – მადლობა მან მხოლოდ წინამორბედს, გელა (გეკა) გელაძეს, გადაუხადა, რომლის მოადგილედაც არასრული 5 თვის მანძილზე მუშაობდა.




