ხავიერ მილეი© picture alliance / Juan Carlos Rojasარგენტინის მთავრობამ ფოლკლენდის კუნძულებზე მომუშავე კომპანიებისა და პირებისთვის სანქციების გამკაცრების კანონპროექტი წარადგინა, რამაც შესაძლოა, გაერთიანებულ სამეფოსთან დაძაბულობა გაამწვავოს.
კუნძულებს გაერთიანებული სამეფო აკონტროლებს, თუმცა, მათზე პრეტენზიას სუვერენიტეტს არგენტინაც აცხადებს.
კანონპროექტი სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს იმ კომპანიებისა და პირებისთვის, რომლებიც არგენტინის ხელისუფლების ნებართვის გარეშე ფოლკლენდის კუნძულებზე, არგენტინის მიერ საკუთარ საზღვაო სივრცედ და კონტინენტურ შელფად მიჩნეულ ტერიტორიებზე, განახლებადი ან არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსების მოპოვებაში იღებენ მონაწილეობას.
“კანონპროექტის მიზანია, დაისაჯონ ისინი, ვინც ჩვენს ბუნებრივ რესურსებს უკანონოდ იყენებს; შეიქმნას სტიმული, რომ მსგავსი ქმედებები შეწყვიტონ და რომ ეროვნულ მთავრობას გარე საფრთხეებისგან თავის დასაცავად საჭირო საშუალებები მიეცეს.” – ნათქვამია არგენტინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
წინადადება 2011 წელს მიღებული კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. ახალი სანქციები უშუალოდ კომპანიებთან ერთად მათ აქციონერებსა და მიმწოდებლებზეც გავრცელდება.
კანონპროექტი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნასაც ითვალისწინებს. საბჭოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინირება, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა და სუვერენიტეტთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა დაევალება.
გაერთიანებული სამეფოს პოზიციით, არგენტინას კუნძულებზე ან იქ მიმდინარე ეკონომიკურ საქმიანობაზე იურისდიქცია არ აქვს. ლონდონი ტერიტორიის მოსახლეობის თვითგამორკვევის უფლებას უჭერს მხარს.
აქამდე, სექტემბრის დასაწყისში, არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ განაცხადა, რომ ფოლკლენდის კუნძულების – რომელსაც თავად მალვინის კუნძულებად მოიხსენიებს – დაბრუნება ქვეყნის მუდმივი მიზანია.
მისი თქმით, კუნძულების მოსახლეობას თვითგამორკვევის ლეგიტიმური უფლება არ აქვს, რადგან ისინი “მიტაცებულ ტერიტორიაზე ჩასახლებული მოსახლეობაა”.
მილეიმ ასევე თქვა, რომ სუვერენიტეტის დაცვასა და კუნძულების დაბრუნებას “პოლიტიკურად მნიშვნელოვანი, ეკონომიკურად გავლენიანი და სამხედრო თვალსაზრისით პატივსაცემი” არგენტინა სჭირდება.
მილეის მიმართვას წინ უძღოდა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებები. კითხვაზე, გადახედავდა თუ არა ვაშინგტონი კუნძულებთან დაკავშირებით თავის ისტორიულად ნეიტრალურ პოზიციას, ტრამპმა შემდეგნაირად უპასუხა: “მე ყველა პოზიციას ყოველთვის განვიხილავ. ეს მრავალთაგან მხოლოდ ერთ-ერთია”.
თავის მხრივ, მილეის განცხადებებს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ედ მილიბენდი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ლონდონის პოზიცია ურყევია: “კუნძულები ბრიტანულია და ასე დარჩება, რადგან კუნძულელთა აბსოლუტური უმრავლესობის პოზიცია ასეთია”.