სააგენტო: ეპიდემიოლოგიური რისკების დასაზღვევად შვიდ ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებით, თბილისის შვიდ საჯარო ბაღში, “ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით”, სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.
“თბილისის რამდენიმე საჯარო ბაღში რეგისტრირებულ აღსაზრდელს დაუფიქსირდა ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინება, რომელთაც მიმართეს სხვადასხვა კლინიკას. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, შვიდ საჯარო ბაღში, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას.
სააგენტო ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, მათ შორის თბილისის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სამსახურთან, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კოორდინაციით ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას” – ნათქვამია განცხადებაში.
ინტოქსიკაცია ბაგა-ბაღებში – მოიწამლა 55 აღსაზრდელი და 1 აღმზრდელი, დაწყებულია გამოძიება
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ეს გულისხმობს ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციას, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.