პაპუაშვილი: გამჭვირვალობის კანონი ყველაზე ქართულია, რაც ბოლო პერიოდში მივიღეთ

ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, “გამჭვირვალობის შესახებ” რუსული კანონი ყველაზე ქართული კანონია, რაც პარლამენტმა ბოლო წლების განმავლობაში მიიღო.
მან ამ კონტექსტში, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციებიც გაიხსენა.
“თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მზარდია ერთი ქვეყნის მხრიდან მეორე ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, ჰიბრიდული მეთოდებით. მათ შორის, ამგვარ მეთოდებში შედის დაფინანსება ერთი ქვეყნის ან პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან მეორე ქვეყანაში, საკუთარი ინტერესების გასატარებლად […]
ამ დღეებში შეგვახსენეს ნამახვანჰესის თემაც, რომელზეც სასამართლო ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა არის რისკი, რომ საქართველოს ბიუჯეტს გადასახდელად 400 მილიონი დაეკისროს იმ კომპანიის სასარგებლოდ, რომელიც, უცხოეთიდან დაფინანსებულმა აგენტურამ, ფაქტობრივად, აქედან გააგდო […] მაშინ, ამ კამპანიას სრულად კურირებდა 3 არასამთავრობო ორგანიზაცია: მწვანე ალტერნატივა, სოციალური სამართლიანობის ცენტრი და საია. სამივე ბრიუსელიდან და რამდენიმე სხვა წყაროდან დაფინანსებული […]
ნამახვანჰესის ისტორია იმის ყველაზე კარგი დასტურია, რომ გამჭვირვალობის კანონი არის ყველაზე ქართული კანონი, რაც კი შეიძლება პარლამენტმა ბოლო წლების განმავლობაში მიიღო – რადგან, ის ქართულ ინტერესებს ემსახურება. იმ მავნებლობას, რაც ბრიუსელიდან დაფინანსებულმა ხალხმა ჩაიდინა და ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი ჩაშალა, ასეთი მავნებლობა ვეღარ მოხდება”. – თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
აშშ-ის კოლუმბიის ოლქის ფედერალურმა სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ თურქულ ENKA Renewables-ის საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და დააკმაყოფილა კომპანიის მოთხოვნა, აღიარებულიყო და აღსრულებულიყო საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ საქართველოსთვის დაკისრებული დაახლოებით $350 მილიონი დოლარის გადახდა, დამატებით დარიცხულ პროცენტთან ერთად.