მაია კოხტაშვილი: ვთხოვე, ერთ ფინჯან ყავას თუ დამალევინებთ-მეთქი და არ შეიძლება, სისხლითა ხარ დაკავებულიო. წიგნი მოვითხოვე და სისხლითა ხარ დაკავებული, არც ეგ შეიძლებაო

“იზოლატორში 2 დღე… ჩემთვის 2 წელი იყო იქ ყოფნა. საკანს პატარა სარკმელი ჰქონდა, იქიდან ისმოდა ნაცნობების ხმა, მაია ექიმო, გამაგრდი, ჩვენ შენთან ვართ… ვთხოვე, ერთ ფინჯან ყავას თუ დამალევინებთ-მეთქი და არ შეიძლება, სისხლითა ხარ დაკავებულიო. წიგნი მოვითხოვე და სისხლითა ხარ დაკავებული, არც ეგ შეიძლებაო. […]
როცა მინახავს ტელევიზორში, ყველაზე ძალიან მთრგუნავდა, ადამიანს რომ აკავებდნენ და ხალხის თვალწინ დაატარებდნენ კადრების გადასაღებად. იგივე დამმართეს მე. გამომიყვანეს პაციენტების თვალწინ, სავსე იყო კორიდორი. ნელა იარეო, წინ მიდიოდა ვიღაც, რომელიც ამ კადრებს იღებდა. მერე რეგისტრატურაში გამაჩერეს, ის გარეთ გავიდა, რომ გარედან გადაეღო კლინიკიდან ჩემი გაყვანის ფოტო. ყველაზე მძიმე ეს იყო. […]
დარდი მქონდა, ნეტავ როგორ უნდა გადაიხადონ ეს გირაო ჩემმა შვილებმა-მეთქი. იმას ვფიქრობდი, რა მეშველება, რატომ ჩავაგდე შვილები ამ მდგომარეობაში… და რომ მოვიდნენ ჩემს წასაყვანად, როგორ გადაიხადეთ-მეთქი და ჩვენ არ გადაგვიხდია, ხალხმა გადაგიხადაო. მადლობა, საქართველო” | ამბობს ექიმი მაია კოხტაშვილი მთის ამბებთან საუბრისას
🔻 11 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კახეთში ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებით ერთი ექიმი დააკავეს. მოგვიანებით, ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნევროპათოლოგ მაია კოხტაშვილს აგენტ-პროვოკატორი მიუგზავნეს, რომელმაც მას დახმარებისთვის მიმართა და უთხრა, რომ ლოგინად ჩავარდნილი დედის ძლიერი ტკივილების გამო მისი კლინიკაში მიყვანა არ შეეძლო. მთივლიშვილის ინფორმაციითვე, “კოხტაშვილის საქმეზე აგენტი-პროვოკატორია ბექა მარტყოფლიშვილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კახეთის სამმართველოს თანამშრომელი!”. კოხტაშვილს 12 სექტემბერს სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ექიმს სოლიდარობა მოქალაქეებმა გამოუცხადეს და გირაოს თანხა 1 საათში შეუგროვეს

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში