დავით ზურაბიშვილი: ასეთი უაზრო სისასტიკეები კიდევ იქნება და იქნება მანამ, სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება

დავით ზურაბიშვილი:
თუკი გია ბარამიძის დაჭერა შესაძლებელია აიხსნას ამორალური და ანტისახელმწიფოებრივი, მაგრამ მაინც ლოგიკით, იქნება ეს მარგარიტა სიმონიანის დაცვის გამო უკმაყოფილების გადაფარვის მცდელობა თუ რუსების საამებელი რევერანსი, ახმეტელი ექიმის მაია კოხტაშვილის დაპატიმრება, რომელსაც მთელი რაიონი პატივს სცემს როგორც პროფესიონალს და გულისხმიერ ადამიანს, თანაც აშკარად ნასედკის მეშვეობით პროვოცირებული და თითიდან გამოწოვილი “დანაშაულის” გამო, ერთი შეხედვით არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. ვერც პუტინის გულს მოიგებენ ამით, ვერც სი ძიპინის, ვერც ტრამპთან დალაგდებიან და საერთოდ არანაირ საფრთხეს ხელისუფლებისთვის ეს ადამიანი მოცემულ მომენტში არ წარმოადგენდა და მისი დაპატიმრებით ხელისუფლებამ მთლიანად წამგებიან მდგომარეობაში ჩაიგდო თავი.
მაგრამ ეს ყველაფერი ერთი შეხედვით.
საქმე ის გახლავთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ უკვე გადალახა ის ზღვარი, როდესაც ხელისუფლების ქმედება ასე თუ ისე ექვემდებარება საღ და რაციონალურ ლოგიკას. დღეს ხელისუფლება უკვე ეგზისტენციურად ანუ არსებითად არის არაჯანსაღი და მთლიანად გაბლანდულია ბოდვით კონსპირაციებში, შეთქმულების თეორიებსა და მტრების ძიებაში. ასეთი ხელისუფლება თუ მტერს ვერ პოულობს, ის მას იგონებს ან ქმნის.
ასეთია უკონტროლო ძალაუფლების ბუნება. საბოლოო ჯამში ის ყოველთვის მიდის არა მარტო სხვების, არამედ საკუთარი თავის საზიანო ქმედებამდე და ეს ბაცილა ვრცელდება მთელ სახელისუფლო ვერტიკალზე, ამიტომ მაია კოხტაშვილის ეპიზოდი სამწუხაროდ არც გამონაკლისია და არც ბოლო შემთხვევა. ასეთი უაზრო სისასტიკეები კიდევ იქნება და იქნება მანამ, სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება.

ასევე დაგაინტერესებთ