დავით ფანჯაკიძე – მინდა, რომ როცა დავსხდებით ფინჯან ყავასთან და გავარჩევთ საკითხებს, გვერდით გამოიაროს ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენთან ერთად დალიოს ყავა, ხოლო გვერდით მაგიდასთან იჯდეს მიხეილ სააკაშვილი – ეს არის ნორმალური ქვეყანა

მინდა, რომ როდესაც დავსხდებით ფინჯან ყავასთან და გავარჩევთ საკითხებს, გვერდით გამოიაროს ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენთან ერთად დალიოს ყავა, ხოლო გვერდით მაგიდასთან იჯდეს მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ „თავისუფალი ხალხის პარტიის“(ყოფილი „გირჩი“) ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ფანჯაკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

დავით ფანჯაკიძის თქმით, „თავისუფალი ხალხის პარტიის“ სამიზნეა ოპოზიცია, რადგან „აქამდე მოიყვანა გაჩაღებული ბრძოლა და სიგიჟეს სიგიჟეზე ვისმენთ“.

„თავისუფალ ხალხს გვინდა ამ ქვეყანაში ლაღი, თავისუფალი ცხოვრება, რომ კეთილდღეობა იყოს ჩვენი მეგზური. ეს რომ ასე იყოს, ეს საგიჟეთი, რომელიც მოწყობილია, უნდა დასრულდეს. მინდა, რომ როდესაც დავსხდებით ფინჯან ყავასთან და გავარჩევთ საკითხებს, გვერდით გამოიაროს ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენთან ერთად დალიოს ყავა, ხოლო გვერდით მაგიდასთან იჯდეს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ისაუბრებს რაღაც თემებზე ვიღაცასთან. ეს არის ნორმალური ქვეყანა. რომ ვიძახით, ევროკავშირში მინდაო და პარლამენტში არ შევდივართ, ეს არის არანორმალური ქვეყანა. ამიტომაცაა ჩვენი სამიზნე ოპოზიცია, რომელმაც აქამდე მოიყვანა გაჩაღებული ბრძოლა და სიგიჟეს სიგიჟეზე ვისმენთ. დღევანდელი ამბავიც სიგიჟეა, ბარამიძის ამბავიც სიგიჟეა, გუშინდელი ამბავიც სიგიჟე იყო, მაგრამ არის ბალამუტი ხალხი, რომელიც ამ ყველაფერს აბალამუტებენ და მათი განდევნა გვინდა პოლიტიკიდან“, – განაცხადა დავით ფანჯაკიძემ.

დავით ფანჯიკიძის განცხადებით, გასაკვირი ის კი არაა, იაგო ხვიჩია რატომ შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, არამედ ის, „რატომ არ ხდება ეს ხშირად“.

„ზოგადად, ჩვენს გაცხადებულ სრულიად უწყინარ სიმართლეს ხშირად მოჰყოლია სიცრუის ტირაჟირება, ტალახის სროლა. ჩვენც ამის იმუნიტეტი გამოგვიმუშავდა, მაგრამ ამ ამბავში მთავარი ისაა, რომ ამბავი ატყდა იმის გამო, რომ შედგა შეხვედრა პოლიტიკოსებს შორის. იაგომ თქვა, ის შეხვდა საქართველოში ერთ-ერთ გავლენიან პოლიტიკოსს და საწყენი პირიქით ისაა და იმაზეა სამსჯელო, ეს რატომაა რაღაც განსაკუთრებული მოვლენა, რატომ არ ხდება ეს ხშირად, სადაც პოლიტიკოსებს განსხვავებული აზრით პაექრობის საშუალება მიეცემა. ეს ნორმალურ ქვეყანაში ასე უნდა ხდებოდეს და რატომაა აღქმული განსაკუთრებულ მოვლენად“, – განაცხადა დავით ფანჯაკიძემ.