რომანოვ-ფარცხალაძე: რუსეთი საქართველოს ყველაზე მძიმე პერიოდებში ყოველთვის გვერდით ედგა

“საქართველოს მოსახლეობის გონიერი ნაწილი არ აჰყვა დასავლეთის მცდელობას, რუსეთის მიმართ სიძულვილის გაღვივებაზე, ის ყოველთვის რუსეთისა და ისტორიული სიმართლის მხარეს იქნება”, — ამის შესახებ რუსულ სამთავრობო სააგენტო ТАСС-ს საქართველოს ყოფილმა გენპროკურორმა და რუსეთში მოხალისეთა დანაყოფ “გეორგიევსკის” მეთაურმა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ განუცხადა.

“რუსეთი საქართველოს ყველაზე მძიმე პერიოდებში ყოველთვის გვერდით ედგა, როცა ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების საკითხი იდგა. დღეს დასავლელი კურატორები რამდენსაც არ უნდა ეცადონ, რომ ქართველებს რუსეთის მიმართ სიძულვილი ჩაუნერგონ, საღად მოაზროვნე ადამიანები — და საქართველოში ასეთი ბევრია — ყოველთვის ისტორიული სიმართლის მხარეს იქნებიან და არა დასავლეთის მიერ შექმნილი ცრუ ნარატივების”, — განაცხადა ფარცხალაძემ.

რუსული მედია წერს, რომ რომანოვ-ფარცხალაძემ უკრაინის ომში რუსეთის მხარეს მონაწილეობა საკუთარი ნებით გადაწყვიტა. მისი თქმით, საომარი მოქმედებების დაწყებიდან ის თავის გუნდთან ერთად აქტიურად ეხმარება რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებსა და მშვიდობიან მოსახლეობას.

მანამდე რომანოვ-ფარცხალაძემ ТАСС-ს განუცხადა, რომ რუსეთში საერთაშორისო დანაყოფი “გეორგიევსკი” ჩამოყალიბდა. მეთაურის თქმით, დანაყოფის სახელწოდება 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება, რომელმაც, მისი შეფასებით, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის დეკემბერში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ იგი ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად დაასახელა, რის შემდეგაც მის მიმართ ძებნა გამოცხადდა. 2026 წლის თებერვალში სასამართლომ მას ამ საქმეზე დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.

გარდა ამისა, მას ბრალი აქვს წარდგენილი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზეც და ამ საქმეზეც დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ამჟამად ფარცხალაძე რუსეთში იმყოფება და რუსეთის მოქალაქეა, რის გამოც მისი საქართველოში ექსტრადირების საკითხი გართულებულია

ასევე დაგაინტერესებთ

„ის ახმეტელები კი ვინც ამდენი სიკეთის მიუხედავად, მონობაზე და ბატონზე წინ საკუთარ თავსაც ვერ აყენებთ და ერთ სიტყვას ვერ იმეტებთ მის მხარდასაჭერად, მხოლოდ თქვენ კი არა, თქვენს შვილებს და შვილიშვილებს შერცხვებათ ახმეტაში გავლა! “