რას ამბობდა ზვიად გამსახურდია გეორგიევსკის ტრაქტატზე

რუსეთ-საქართველოს ტრაქტატის 200 წლისთავი. ვგმობთ ცარიზმის იუბილეს!

ავტორი: ზვიად გამსახურდია, 1982 წელი

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ჩვენში უახლოეს ხანში დიდი მასშტაბით აღინიშნება რუსეთის ცარიზმის იუბილე, იმ ცარიზმისა, რომელმაც მეთვრამეტე საუკუნის მიწურულში, ექსპანსიონისტური მიზნებით, ათასგვარი დიპლომატიური ხრიკებითა და ვერაგობით, „ერთმორწმუნეობის“ ნიღბით, მოატყუა გარეშე მტრების შემოსევებითა და შინააშლილობით განაწამები მხცოვანი მეფე საქართველოსი, ერეკლე მეორე, დაიყაბულა მოჩვენებითი, არათანასწორუფლებიანი ხელშეკრულების, ანუ ტრაქტატის დადებაზე, რითაც გამოსძალა მას სამეფო და მისი გარდაცვალების შემდეგ იგი რუსეთის კოლონიად აქცია.

რუსეთის ცარიზმმა არ შეასრულა არცერთი პუნქტი თავის მიერვე დადებული ხელშეკრულებისა, ვინაიდან მისი დადებისას იგი მიზნად ისახავდა მოტყუებით დაპყრობას ჩვენი ქვეყნისას, რაც აუცილებელი იყო რუსეთის სავაჭრო და პოლიტიკური ინტერესებისათვის აღმოსავლეთში.

ტრაქტატი ითვალისწინებდა რუსეთის მხრივ მხოლოდ მფარველობას, ანუ პროტექტორატს, ხოლო საქართველოს სამეფოს მხრივ – ვასალურ დამოკიდებულებას. ერთ-ერთი უმთავრესი პუნქტი იყო ბაგრატიონების მეფობისა და საქართველოს სუვერენიტეტის სრული შენარჩუნება, სახელმწიფოს შინაგან საქმეებში სრული ჩაურევლობა, მაგრამ გარდაიცვალა თუ არა უკანასკნელი მეფე საქართველოსი, გიორგი XII, ძე ერეკლესი, რუსეთმა უგულველჰყო მისი თხოვნა მისი ძის, დავითის გამეფების შესახებ; ალექსანდრე I-მა 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტით მეფობა გააუქმა და საქართველო რუსეთის ერთ-ერთ „გუბერნიად“ აქცია, ხოლო საქართველოს ეკლესიას წაართვა დამოუკიდებლობა, ანუ ავტოკეფალია და შეუერთა იგი რუსეთის ეკლესიას /კათალიკოსობის გაუქმებით და ეგზარხოსობის შემოღებით.

1783 წლის ტრაქტატმა, ხსნის მაგიერ, უდიდესი უბედურება მოუტანა ქართველ ხალხს, აამხედრა მის წინააღმდეგ მთელი მაჰმადიანური სამყარო, უწინარესყოვლისა, სპარსეთის სამეფო, ოსმალეთი და მეზობელი სახანოები, რომელთა შემოსევებმა ქართველი ფიზიკური განადგურების პირად მიიყვანა. ისტორიულ მეცნიერებაში გარკვეულია: ტრაქტატი რომ არა, ასეთი კატასტროფული მდგომარეობა ჩვენში არც შეიქმნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტრაქტატი ითვალისწინებდა სამხედრო დახმარებას საქართველოსადმი, რუსეთს არც ერთხელ არ აღმოუჩენია რეალური დახმარება, რითაც მან ხელი შეუწყო საქართველოს სამეფოს დასუსტებას და სრულ დამხობას, რის შედეგადაც საბოლოოდ ხელში ჩაიგდო იგი.

და აი, რუსეთის მხრივ თავის მოკავშირის ამ ვერაგული გამცემლობის იუბილესათვის ემზადება დღეს მთელი ოფიციალური საქართველო. ტრაქტატის იუბილე იგივე ცარიზმის იუბილეა, ვინაიდან ცარიზმია მისი ავტორი. ტრაქტატის განდიდებით ხდება განდიდება ეკატერინე II-სა და პოტიომკინისა, ისტორიულად ყველაზე რეაქციული და ბნელი ძალისა, რუსეთის თვითმპყრობელობისა, როგორც ეს აღიარებულია მარქსისტულ ისტორიოგრაფიაშიც.

ისტორიის ფალსიფიკაცია დღეს იქამდე მიდის, რომ საქართველოს სსრ ოფიციალურ პრესაში, ტრაქტატის ავტორად რუს ხალხს აცხადებენ, მაშინ როდესაც ტრაქტატი მეფემ და მისმა მოხელეებმა დადეს, რომელნიც, როგორც ცნობილია, ხალხის ნება-სურვილის გამომხატველნი არ იყვნენ. ისტორიულად ცნობილია, აგრეთვე, რომ რუსმა ხალხმა არაფერი იცოდა ტრაქტატის შესახებ. არც ქართველი ხალხი იყო ინფორმირებული რუსეთთან შეერთების გეგმაზე, როგორც ამას ვხედავთ ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემიდან „ბედი ქართლისა“. მაშ, რა უფლებით აცხადებენ შეერთებას „ორი ხალხის ნება-სურვილის გამოხატულებად“?

ოფიციალური პროპაგანდა დღეს ისე ასახავს საქმეს, თითქოს ზეიმით აღინიშნება არა ანექსია საქართველოსი 1801 წელს ალექსანდრე I-ის ჯარების მიერ, არამედ თვით ტრაქტატის დადების აქტი, რაც ორი ხალხის „მეგობრობისა“ და „დამოყვრების“ უდიდეს მანიფესტაციად მიაჩნიათ. ამრიგად, გამოდის, რომ რუსეთ-საქართველოს 1783 წლის ტრაქტატი უანგარო წმინდანებმა დადეს, ხოლო 1801 წლის შეერთების /თუ მიერთების/ აქტი – ბოროტმოქმედებმა განახორციელეს. მაგრამ, განა ალექსანდრე I, სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი არ იყო ეკატერინე II-სა? განა გენერალი კნორინგი, რომელმაც განახორციელა საქართველოს ანექსია, რომელმაც საქართველოს უკანასკნელი დედოფალი მარიამი და ქართველი ბატონიშვილები რუსეთს წაასხა, ასლი და განმეორება არ იყო პოტიომკინისა, რომელსაც ეკატერინე დიდ მადლობას უხდიდა საქართველოს ხელში ჩაგდებისათვის? განა არსებობდა რაიმე განსხვავება მათ მიზნებსა და მეთოდებს შორის? არავითარი!

ყველა ეპოქის იმპერიების პოლიტიკას ახასიათებდა ორი უმთავრესი თვისება – მოტყუება და ძალადობა. ამ ორ უმთავრეს მეთოდს იყენებდნენ ისინი მცირე ერების დამონებისა და ასიმილაციისათვის. ეკატერინე II-ის ტრაქტატი მოტყუება იყო, ალექსანდრე I-ის მანიფესტი კი მისი ლოგიკური გაგრძელება – ძალადობა. ასე, რომ ისინი ერთი მთლიანი ტაქტიკის ორ სხვადასხვა ასპექტს წარმოადგენდნენ.

ცინიზმი და ისტორიის გაყალბება იქამდე მიდის, რომ ოფიციალური პრესა თავგამოდებით ამტკიცებს დღეს, რომ თითქოს საქართველო დიდი აღტაცებით შეეგება მეფის რუსეთის ჯარის შემოსვლას, რასაც გაზეთი „კომუნისტი“ იმით „ასაბუთებს“, რომ თურმე ტბილისის მოედანზე ამ დროს ვაჭრები ზეიმობდნენ. გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციას უნდა მოეხსენებოდეს, რომ ის ვაჭრები, რომელნიც იმ დროს მოედანზე, უფრო სწორედ, შეითანბაზრის მეიდანზე ზეიმობდნენ, არაქართველი ვაჭრები იყვნენ, იგივე ვაჭრები, რომელთაც აღა-მაჰმად ხანის შემოსევის დროს სპარსთა მიერ გარემოცული ტბილისის ციხის კლიტენი მტერს გადასცეს და ხელი შეუწყვეს საქართველოს აოხრებას. ასე, რომ ბუნებრივია ისინი იზეიმებდნენ საქართველოს ახალ ეროვნულ უბედურებას. დღეს ჭარბად გვყვანან ვაჭრები, რომელნიც ყველაფრით ვაჭრობენ – საკუთარი სინდისით დაწყებული და მშობელი ერის ბედ-იღბლით დამთავრებული. ასე, რომ, როგორც სჩანს, „ჩინ-მედლებსა“ და სკამებს დახარბებულნი, დღესდღეობით ალბათ ისინი იზეიმებენ ყველაზე მეტად, ეკატერინესა და პოტიომკინის მიერ ერეკლე მეფისა და ქართველი ხალხის მოტყუების 200 წლისთავს, ისევე როგორც მათმა წინამორბედმა თავადაზნაურობამ იზეიმა რუსული ხიშტის 100 წლისთავი საქართველოში 1901 წელს.


ზვიად გამსახურდიას სტატია გამოაქვეყნა ჟურნალისტმა ლეილა ცომაიამ. მისი განმარტებით, 1982 წელს ზვიად გამსახურდიამ გამოსცა არალეგალური ჟურნალი „საქართველო“, რომელიც მიუძღვნა ტრაქტატის 200 წლისთავს, რადგან ამ თარიღის საყოველთაო ზეიმით აღნიშვნას აპირებდა იმდროინდელი კომუნისტური ხელისუფლება.

ლეილა ცომაიას თანახმად, მის არქივში დაცულია არალეგალურ ჟურნალ „საქართველოს“ N1 და N2-ის რამდენიმე ეგზემპლარი (რომელსაც თავად ავრცელებდა უნივერსიტეტში), დაბეჭდილია პირადად მის მიერ, მის კუთვნილ საბეჭდ მანქანაზე, ხოლო აკინძულია უნივერსიტეტის სტამბაში.

“ამას იმიტომ ვაკონკრეტებ, რომ არალეგალური ჟურნალის აღნიშნული ნომრები ზვიადმა სხვაგანაც ააკინძვინა. ჟურნალ „საქართველოს“ N1, ზვიადმა სრულად მიუძღვნა „გეორგიევსკის ტრაქტატის“ 200 წლისთავს და სტატიებიც თავად შეარჩია (აკად. ივ. ჯავახიშვილი საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ, აკად. ნ. ბერძენიშვილი საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ, დავიცვათ ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსი! ქართველი საზოგადოების წერილი (364 ხელმომწერი – ლ.ც.), ლენინისეული „ისკრა“ საქართველოს რუსეთთან შეერთების 100 წლისთავის ზეიმის შესახებ). ჟურნალის მეთაური (პირველი), ხელმოუწერელი, სტატია ეკუთვნის თავად ზვიად გამსახურდიას, რომელმაც კორიფე ისტორიკოსების (ჯავახიშვილი, ბერძენიშვილი…) სტატიებთან არ გაათანაბრა თავი და საკუთარი სტატია ხელმოუწერლად გამოაქვეყნა”, – წერს ლეილა ცომაია და დასძენს – სტატია, რომ ნამდვილად არალეგალურ ჟურნალ „საქართველოს“ გამომცემელ ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის, მის გარდა ადასტურებს კონსტანტინე-უმცროსი  გამსახურდიაც (რომელიც მისი თქმით, 1982 წელს ხსენებული ჟურნალის გამავრცელებელიც იყო).