როცა არც მღვდელია ნამდვილი, არც – ექიმი, არც – პოლიტიკოსი – რა უნდა ვიცოდეთ AI-ვიდეოებზე

ყალბი ექიმები, ყალბი „ცნობილები“, ყალბი მღვდლებიც კი – ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულმა ვიდეოებმა ბევრს გაუჩინა თავსატეხი. ბევრი, განსაკუთრებით ასაკოვანი ხალხი, ვერ არჩევს, სად მთავრდება რეალობა და სად იწყება ტყუილი.

ხელოვნური ინტელექტის განვითარებას ვეღარც ხალხი ვერ ეწევა და ვეღარც კანონი. AI-ის მოდელირებული ვიდეოების ნამდვილისგან გარჩევა სულ უფრო რთული, ხანდახან კი შეუძლებელი ხდება. ვიდეოების შესაქმნელად იყენებენ რეალური ადამიანების კადრებსა და ხმას, შემდეგ კი იმას „ალაპარაკებენ“ და „აკეთებინებენ“, რაც თავად უნდათ.

ვიდეო მილიონი ნახვისთვის

რაც მეტი ადამიანი ნახავს ვიდეოს, მით მეტი შემოსავალი აქვს მის შემქმნელს. მნახველები რომ მიიზიდონ, რეალურ კადრებს კიდევ უფრო აზვიადებენ. მაგალითად, ცუნამის, ღვარცოფისა და მიწისძვრების კადრებით, რომლებიც ისედაც მძიმე და შემზარავია, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით საერთოდ აპოკალიფსური სურათი იხატება.

ხელოვნური ინტელექტისგან დღევანდელ სამყაროში არაფერი გიცავს: არც ფული, არც გავლენა, არც თანამდებობა. პირიქით, რაც უფრო ცნობილია ადამიანი, მით უფრო მეტი AI-ვიდეო მზადდება მასზე. ამის ნათელი მაგალითია ბრიტანეთის სამეფო ოჯახი, აწ განსვენებული დედოფლით დაწყებული ცელქი პრინცი ლუით დამთავრებული, რომელიც მსგავსი ვიდეოების ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟია.

ეს ვიდეოები მხოლოდ ნახვებით მიღებულ შემოსავალზეა გათვლილი, მაგრამ არის სხვებიც, რომელთაც შემქმნელებისთვის სხვა მოგებაც მოაქვს.

არარსებული რონალდო

ციფრული ტექნოლოგიების ექსპერტი ზურაბ მესხიძე იხსენებს შემთხვევას, როდესაც პოპულარული ფეხბურთელის, კრიშტიანო რონალდოს ვიდეო ხელოვნური ინტელექტით დაამუშავეს, რის შემდეგაც რონალდო ხალხს კრიპტოვალუტის შეძენისკენ „მოუწოდებდა“.

„ფეხბურთელს მოუწია დაეწერა, მე არ ვარო“, – ამბობს მესხიძე.

რამდენიმე დღის წინ საქართველოში გამოძიება დაიწყო ე.წ. TSQ-ს “საინვესტიციო პლატფორმასთან” დაკავშირებით. ამ პლატფორმაზე, რომელიც ექსპერტების შეფასებით, კლასიკური ფინანსური პირამიდის პრინციპზეა აგებული, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად საქართველოს ათასობით მოქალაქეც ცდილობს სარგებლის მიღებას. პროექტის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა „ჰენრი ჯონსია“. TSQ მას „ფინანსურ ექსპერტად“ და კომპანიის დამფუძნებლად წარადგენს. ის პერიოდულად მიმართავს აუდიტორიას და ურჩევს, სად რა დააბანდოს. 29 აგვისტოს გამოქვეყნებულ ვიდეოში ჯონსი ქართველ მომხმარებლებს ამშვიდებდა და ჰპირდებოდა, რომ თანხის გატანას ყველა შეძლებდა.

უცნობია, „ჰენრი ჯონსი“ რეალური ადამიანია თუ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი პერსონაჟი. თუ რეალურია, უცნობია მისი ნამდვილი ვინაობა და ადგილსამყოფელი.

საქართველოსთან დაკავშირებით Youtube-ში ხშირად ჩანდა რუსულენოვანი AI-ვიდეოები, სადაც ქართველი პოლიტიკოსები – ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე, სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა პროექტის „რეკლამირებას ეწეოდნენ“.

„ხშირად იყენებენ ცნობილი ადამიანის სახეს, ხმას და ხალხს მოუწოდებენ ინვესტირებისკენ. არის ვიდეოები, რომელსაც აქვს ნიშანი, რომ ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული, მაგრამ არავინ აქცევს ყურადღებას“, – ამბობს ზურაბ მესხიძე, თუმცა მას იმედი აქვს, რომ თანდათანობით უსაფრთხოების ზომებიც დაიხვეწება, – „სადაც ამზადებენ, იმ ქვეყნებმა უნდა მიიღონ ზომები, ჩვენ ვერაფერს ვიზამთ“.

ციფრული მღვდელი

„უფლისმიერო ძმებო და დებო, მშვიდობა თქვენ და ღვთის წყალობა. დღეს მინდა გესაუბროთ იმაზე, რაც ჩემთვის ყველაზე რთულ დროს ძალა, ჰაერი და ნუგეში იყო – ღვთისმშობლის ლოცვაზე, რომელიც „მსწრაფლშემსმენელის“ ხატის წინ იკითხება“… ასე იწყებს ქადაგებას თეთრწვერა, ანაფორიანი მღვდელი, რომლის უკან ტაძრის საკურთხეველი ჩანს. მაგრამ მღვდელი რეალური არ არის, ის ხელოვნური ინტელექტით შექმნეს. ხმა მონოტონურია, ჟესტიკულაცია და მიმიკებიც ხელოვნური. ტექსტიც უემოციო და არცთუ საეკლესიო. ხშირად უფრო ქოუჩის ან ფსიქოლოგის რჩევებს ჰგავს. რუსულენოვან ინტერნეტში მსგავსი ვიდეოები იმდენად გახშირდა, რომ ნამდვილი მღვდლები შეშფოთდნენ და ამ თემაზე ალაპარაკდნენ.

„ისეთებიც კი ცდებიან, რომლებიც წლები დადიან ეკლესიაში. ეს აღსარებაში უნდა ითქვას, რადგან გამოდის, რომ იმ „ადამიანის“ მოძღვრებას გაჰყვნენ, რომელიც ქრისტეს ეკლესიას არ ეკუთვნის“, – ამბობს მამა ვალერი (სოსკოვეცი) გადაცემაში „ვეჩერ ნა სპას“, რომელიც მთლიანად ხელოვნური ინტელექტისა და ნამდვილი მღვდლების კონკურენციას მიეძღვნა.

ცრუ ექიმები

კიდევ ერთი „მიმდინარეობა“ არის ხელოვნური ინტელექტით მოდელირებული ექიმები. ისინი მშვიდად და თავდაჯერებულად მოუწოდებენ ხალხს, შეიძინონ ესა თუ ის წამალი ან პროდუქტი, „უსაფუძვლოდ მივიწყებული“ ან ისეთი, რომელსაც „გვიმალავენ“. AI-ექიმების ვიდეოები ძირითად მოხუცებზე არის გათვლილი. BBC-ის ბრაზილიურმა სამსახურმა აღმოაჩინა მინიმუმ 50 Youtube-არხი, რომლებიც ასწავლიან, როგორ უნდა შექმნა მსგავსი „სამედიცინო“ ვიდეოები სხვადასხვა ენაზე.

ბრაზილიურმა ჟურნალისტურმა ორგანიზაციამ CTRL+Z-მ გამოავლინა 29 პორტუგალიურენოვანი არხი, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ „ექიმებს“ იყენებენ. ამ არხების კომენტარებში ხალხი წერდა, რომ ნამდვილი ექიმების მიერ დანიშნული წამლების მიღება შეწყვიტეს და ასეთ რეკლამებს უფრო ენდობოდნენ.

როგორ გავარჩიოთ?

ჯერ კიდევ არსებობს შედარებით მარტივი მეთოდები, რომლებითაც მეტ-ნაკლებად გაარჩევ, ვიდეო გენერირებულია თუ არა, იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არ აწერია.

ამოჭერით ვიდეოდან რამდენიმე განსხვავებული კადრი და google search-ის მეშვეობით მოძებნეთ მისი ადრინდელი ვერსია. შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ ორიგინალში ადამიანი სულ სხვა რამეს ჰყვება.

თუ ვიდეოში ცნობილი ადამიანი რაღაც მნიშვნელოვანს ამბობს, გადაამოწმეთ ეს მის ოფიციალურ გვერდზე ან სხვა სანდო მედიაში.

დაუკვირდით:

  • რამდენად სანდოა წყარო, რომელმაც ვიდეო გამოაქვეყნა;
  • ემთხვევა თუ არა ხმა ტუჩების მოძრაობას;
  • რამდენად ბუნებრივია მიმიკები;
  • სახის ნაკვთები ან თითები ცოტა უცნაური ხომ არ არის?
  • განათება და ჩრდილები არაბუნებრივად იცვლება?
  • ხმა უემოციო და მონოტონურია?

ან თავად ხელოვნურ ინტელექტს ჰკითხეთ.