პატარკაციშვილების ოჯახის უკრაინული აქტივები საფრთხეშია. უკრაინის ხელისუფლება ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს მინერალური წყლების მწარმოებელ IDS Ukraine-ზე კონტროლის დამყარებას ცდილობს. კომპანიის 34.83% ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ეკუთვნის, თითქმის 50%-ს კი სანქცირებული რუსი ბიზნესმენები ფლობენ.
უკრაინის აქტივების მოძიებისა და მართვის სააგენტო კომპანიის დამოუკიდებელი მმართველისთვის გადაცემას ცდილობს, პარალელურად კი სასამართლოში IDS Ukraine-ის ნაწილობრივი ან სრული ნაციონალიზაციის საკითხიც განიხილება. სააგენტო მოქმედი მენეჯმენტის პირობებში ფულის გათეთრებისა და კომპანიიდან აქტივების გატანის შესაძლო რისკებზე მიუთითებს, თუმცა ამ ეტაპზე ასეთი დარღვევები ოფიციალურად დადგენილი არ არის.
პატარკაციშვილების ოჯახი სანქციების ქვეშ არ იმყოფება და საკუთრების ჩამორთმევას ეწინააღმდეგება. ოჯახის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუ უკრაინულ სასამართლოებში საკუთარი უფლებების დაცვას ვერ შეძლებენ, საერთაშორისო სასამართლოებს მიმართავენ. IDS Ukraine აწარმოებს ცნობილ ბრენდებს – „მორშინსკას“, „მირგოროდსკას“ და „ალიასკას“.




