ერედივიზიონის მესამე ტურის გადადებულ მატჩში „ექსელსიორმა“ გასვლაზე „ნეიმეგენთან“ გამარჯვება ხელიდან გაუშვა – 2:2.
წვიმიან ამინდში მატჩი ძალიან საინტერესო სანახავი იყო. მასპინძლები დებიუტში დაწინაურდნენ, შემდეგ სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ირაკლი იეგოიანმა დაინახა, რომ მეკარე ნიკოლას პოლსტერი წინ იყო გამოსული, ბურთის თავზე გადაგდება სცადა, მაგრამ ოდნავ ააცილა მიზანს. პირველი ტაიმის დასასრულს იეგოიანმა დავიდ გარდენს ხელსაყრელ პოზიციაზე გაუკეთა გადაცემა და მან ანგარიში გაათანაბრა.
შეხვედრის მეორე ნახევარიც ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, 73-ე წუთზე ვალენტინ ზულცბახერმა „ნეიმეგენის“ კარი დალაშქრა და როტერდამული გუნდი გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა კომპენსირებულ დროში გოლი გაუშვა და ფრეს დასჯერდა.
იეგოიანმა შეუცვლელად ითამაშა – შეფასებები: Whoscored 7.7 Flashscore 7.1, Sofascore 6.7. მან ჩემპიონატის 5 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
„ექსელსიორი“ 5 ტურის მერე 10 ქულით მეოთხე ადგილზეა და 13 სექტემბერს „უტრეხტს“ უმასპინძლებს.
ნეიმეგენი. „გოფერტსტადიონი“
ნეიმეგენი – ექსელსიორი 2:2
გოლები: 1:0 ტაჰაუი (10), 1:1 გარდენი (43), 1:2 ზულცბახერი (73), 2:2 ლებრეტონი (90+2)
