ევროკავშირმა თანხმობა გასცა უკრაინისთვის 3,2 მილიარდი ევროს ღირებულების Patriot-ის რაკეტების შესყიდვაზე.
კერძოდ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უკრაინისთვის 3,2 მილიარდი ევროს ოდენობის Patriot-ის სისტემების ამერიკულ რაკეტა-გადამჭერებს შეიძენენ. Patriot-ის სისტემების ყიდვა ევროკავშირის მიერ 90-მილიარდიანი სესხის ფარგლებში მოხდება.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის მორიგი ტრანში უკრაინას საშუალებას მისცემს თავის ცა უკეთ დაიცვას.
„ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად, მივესალმები წევრი ქვეყნების შეთანხმებას გამონაკლისის დაშვების შესახებ, რაც უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქციის შესყიდვის საშუალებას მისცემს.
3.2 მილიარდი ევროს ოდენობის მორიგი ტრანში უკრაინას საშუალებას მისცემს, უკეთ დაიცვას თავისი ცა რუსეთის განურჩეველი თავდასხმებისგან. ეს ემატება იმ 8.4 მილიარდ ევროს, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის სესხის ფარგლებში უკვე გამოყოფილია, მათ შორის საჰაერო თავდაცვისთვის.
ჩვენ გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას უკრაინის მხარდასაჭერად და ევროპის თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად“, – დაწერა X-ზე.
მანამდე ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკომისიას გაუგზავნა მოთხოვნა 90-მილიარდიანი სესხიდან რამდენიმე მილიარდი ევროს გამოყენებაზე Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის PAC-3 ტიპის რაკეტების შესასყიდად. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფომ 2 სექტემბერს ვიქლოუში (ირლანდია) გამართული საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დროს, უკრაინისთვის რაკეტა-გადამჭერების გადაცემის შესახებ ახალ შეთანხმებას მიაღწიეს.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს სესხის პირობა ითვალისწინებდა, რომ მხოლოდ ევროპული ან უკრაინული წარმოების შეიარაღების შესყიდვა იყო შესაძლებელი. ამიტომ ამერიკული Patriot-ის სისტემების შესყიდვისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნები გამონაკლისის დაშვებაზე შეთანხმდნენ.
8 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი გამოყოფს 100 მილიონ ფუნტ სტერლინგს (135 მილიონ დოლარს) ზამთრის წინ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებების პაკეტისთვის (PURL ინიციატივის ფარგლებში), რომელიც Patriot-ის რაკეტებსაც მოიცავს. მანამდე დიდ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ ევროპელი ლიდერები სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ში „მსურველთა კოალიციის“ მორიგი შეხვედრის ჩატარებას განიხილავენ, რათა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების რაკეტა-გადამჭერების მიწოდების საკითხი დააყენონ.




