რუსეთში საქველმოქმედო ფონდის “სახლი შუქურით” („Дом с маяком“) და ამავე სახელწოდების ბავშვთა ჰოსპისის დირექტორი, ლიდა მონიავა თავის თანამდებობას ტოვებს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. “ფეიკების” გავრცელების შესახებ მუხლით და მონიავა ვარაუდობს, რომ მას ხანგრძლივ პატიმრობას მიუსჯიან.ტელეგრამის არხით მონიავა წერს – “შემდეგი ორიოდე თვის განმავლობაში იწარმოებს გამოძიება. 2-3 თვის შემდეგ იქნება არსობრივი სასამართლო. შემდეგ, დიდი ალბათობით, კოლონია, 5-10 წელიწადი. მაგრამ ჯერჯერობით მე კვლავ მაქვს სიცოცხლის რამდენიმე თვე, რათა დავასრულო საქმეები და შევეცადო ‘სახლში შუქურით’ ყველაფერი ისე დავალაგო, რომ ჰოსპისმა უჩემოდაც შეძლოს მუშაობა. მომიწევს აღარ ვიყო ამ სახლის დირექტორი და მისი მმართველობაც დავტოვო. მაგრამ მჯერა, რომ ჩემი კოლეგები უჩემოდაც შეძლებენ ჰოსპისის მუშაობის მხარდაჭერას”.მონიავა გამოთქვამს შიშს, რომ მისი სისხლის სამართლებრივი დევნის გამო ხალხი ნაკლებად დაეხმარება “სახლს შუქურით” და გამოდის მოწოდებით გაგრძელდეს ჰოსპისის მხარდაჭერა.მონიავამ სხვაგან აღნიშნა, რომ არ აპირებს რუსეთის დატოვებას. “ამის ახსნა რთულია სხვა რამით, გარდა ქრისტიანული მოსაზრებისა. ყველა რისკი მესმის, გადავიტანე ჩხრეკა დილის 6 საათზე, გავიყინე ბნელ კამერაში, ვიარე ხელბორკილებით, შიშველმა ბუქნები ვაკეთე სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის თანამშრომლების წინ, პატიმართა გადამყვან მანქანაში ვიჯანჯღარე ღებინების პატარა პაკეტით. ახლა ვცხოვრობ ფეხზე სამაჯურით. მაგრამ ამ რთულ დროში რუსეთში დარჩენა ნამდვილად მნიშვნელოვანია” – წერდა მონიავა.საქველმოქმედო ფონდის და ბავშვთა ჰოსპისის თავმჯდომარე, ლიდა მონიავა პოლიციამ მოსკოვში 2 სექტემბერს დააკავა. 3 სექტემბერს მას სასამართლომ აღკვეთის ზომით 30 ოქტომბრამდე აუკრძალა გარკვეული მოქმედებები. მონიავას წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, “რუსეთის არმიის შესახებ ფეიკების” გავრცელების მუხლით – სოციალურ ქსელში 2023 წელს გამოქვეყნებული პოსტის გამო. იმ პოსტში მონიავა წერდა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შედეგად მშვიდობიანი ადამიანები იღუპებიან. ამ მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი 10-წლიანი პატიმრობაა.ლიდა მონიავა არის თანადამაარსებელი მოსკოვის ბავშვთა ჰოსპისის, სახელად “სახლი შუქურით”. 2018 წელს იგი სათავეში ჩაუდგა ამავე სახელწოდების მქონე საქველმოქმედო ფონდს, რომელიც მოსკოვში და მოსკოვის ოლქში მძიმედ დაავადებულ ბავშვებს და ახალგაზრდებს ეხმარება პალიატიური და სარეაბილიტაციო ზრუნვის მიღებაში. მონიავას თქმით, მხოლოდ ჰოსპისს “სახლი შუქურით” ამჟამად ჰყავს 1000-მდე პაციენტი და 400 თანამშრომელი.



