ბასტი მგალობლიშვილი: ეს ის კინოცენტრია, ცოტა ხნის წინ ერთი ხელით ქართულ ფილმზე რომ სწერდა ლოკარნოს ფესტივალს, პროგრამიდან მოხსენითო, ხოლო მეორე ხელით თითქმის მილიონი ლარი მოაგებინა გოგა ხაინდრავას

კინომცოდნე ბასტი მგალობლიშვილი:

რანაირი ხალხი ვართ, სხვის ჭირზე პირის მოკუმვა კარგად გამოგვდის, ლხინს ვერავინ დაგვასწრებს. ოსკარზე „გურიის“ წარდგენამ გამხსენა. ცხადია, ეს ოსკარის ნომინაციას არ ნიშნავს – ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ კინოცენტრმა მოიწონა ფილმი (საინტერესოა, რა დაუჯდება ჩვენს ბიუჯეტს საოსკარე კამპანია).
ეს ის კინოცენტრია, ცოტა ხნის წინ ერთი ხელით ქართულ ფილმზე რომ სწერდა ლოკარნოს ფესტივალს, პროგრამიდან მოხსენითო, ხოლო მეორე ხელით თითქმის მილიონი ლარი მოაგებინა გოგა ხაინდრავას. ამ ორგანიზაციის დირექტორად ჯერ დიპლომატი დანიშნეს, შემდეგ – პენიტენციური სისტემიდან გადმოყვანილი კადრი, ახლა აგროტურიზმის სფეროდან მოვლენილი პირია ხელმძღვანელი.
ასეთ კინოცენტრთან თანამშრომლობაზე უკვე წლებია, უარს ამბობს კინემატოგრაფისტთა ძალიან მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი ნაწილი. თუმცა უარს არ ამბობს ლევან კოღუაშვილი.
კოღუაშვილის „გურია“ ვენეციის კინოფესტივალის ერთ-ერთ პროგრამაში მოხვდა, რაც დიდი წარმატებაა. საინტერესოა, რას ამბობს რეჟისორი ფილმზე:
„იმდენად არაპოლიტიკურ-კონიუნქტურულია, რომ ხდება პოლიტიკური, ხვდებით? იმიტომ, რომ როდესაც ფილმი აბსოლუტურად დაცლილია, შეგნებულად დაცლილია, არაფერს რევერანსს არ უკეთებს ამ თემებს, რომლებიც დღეს მოთხოვნადია, ეს უკვე პოზიციაა, ხვდებით? ამ პოზიციის უგულებელყოფა იყო ჩვენი პოზიცია“, – უთხრა კოღუაშვილმა კინოცენტრს.
უპოზიციობის პოზიციად შემოსაღება ახალი ხერხი არ არის, მაგრამ ის კიდევ უფრო შორს მიდის და მეამბოხის როლსაც კი ირგებს. მაგრამ სინამდვილეში მას პოზიცია არჩეული აქვს. და ეს არჩევანი არა სოლიდარობის, არამედ პრივილეგიების სასარგებლოდ გააკეთა.
იგი უარს არ ამბობს არც კინოცენტრის, არც კულტურის სამინისტროს დაფინანსებაზე. გაურკვეველია, სად წავიდა „დავით აღმაშენებლის“ სცენარის განვითარებისთვის გამოყოფილი ათასობით დოლარი, რომელიც თეა წულუკიანმა გადასცა. უარს არც საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობაზე ამბობს, რომელმაც საუკეთესო პროფესიონალები გაათავისუფლა და რომელიც დროს არ უთმობს სინდისის პატიმრების მშობლებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სინდისის პატიმრებს შორის არის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. არათუ ანდროს ერთი სიტყვა არ შეაწია, ძალიანაც კმაყოფილია დღევანდელი „გამყარებული სუვერენიტეტით“. საქმის მასალებს არ ვიცნობო, ვეღარავინ იტყვის, ყველაფერი დოკუმენტირებულია და საჯაროდ ხელმისაწვდომი.
არ ვიცი, დღევანდელ საქართველოში, თანაც 90-იანი წლების გურიაზე როგორ უნდა მოახერხო აპოლიტიკური ფილმის გადაღება. თუმცა რუსი თანასცენარისტი ამ საქმეში გამობრძმედილი იქნება. სწორედ ამ „მოხერხებულობის“ გამო ფილმით ძალიან დავინტერესდი.
მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ არ დამავიწყდეს და სიმართლე უნდა ითქვას.