ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის “მუქარით დაზარალებული” ერთ-ერთი პირი ქართული ოცნების აქტივისტი და პროპაგანდისტი შაკო კუჭაშვილია. ამის შესახებ თავად კუჭაშვილი წერს, თუმცა, ირწმუნება, რომ საჩივარი არც მას და არც მის მეგობრებს არ შეუტანიათ.
“30 აგვისტოს, რესტორან სხვაში, თამაზ ელიზბარაშვილთან სიტყვიერი კონფლიქტი მომივიდა, ვინაიდან ამ ადამიანს წარსულში ჩემი და ჩემი ოჯახის წევრებზე შეურაცხმყოფელი კომენტარი ჰქონდა დაწერილი.
ინცინდენტში, ვითარების განმუხტვის მიზნით, ჩემი მეგობრებიც ჩაერთნენ. შემთხვევა არ გასცდენია სიტყვიერ კამათს – არც გინებას, არც შეურაცხყოფას და, მით უფრო, ხელით შეხებას ადგილი არ ჰქონია. ელიზბარაშვილს მოვუწოდე, რომ მომავალში თავი შეეკავებინა ჩემი და, მითუმეტეს, ჩემი ოჯახის შეურაცხყოფისგან. მისი ასაკის გათვალისწინებით, მომხდარი უსიამოვნობის გამო ბოდიშიც კი მოვუხადე და ვუთხარი, კონფლიქტი ამოწურულად ჩაგვეთვალა.
თუმცა, ელიზბარაშვილი მომენტალურად გახდა აგრესიული და გვითხრა, – ,,ამას ასე არ დავტოვებ, ნახევარ საათში დავბრუნდები და ყველანი აქ დამხვდითო” და მართლაც, ელიზბარაშვილი რესტორანთან, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაბრუნდა.
ამ ფაქტის შესახებ გაიგო მთელმა რესტორანმა, მათ შორის, რესტორნის დაცვის სამსახურმაც, რომელიც, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, იარაღით მისულ ელიზბარაშვილს რესტორანში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევდა.
მტკნარი სიცრუეა, ელიზბარაშვილის, მისი ახლობლების და მხარდამჭერი მედიების მტკიცება, რომ თითქოს იგი ჩვენი საჩივრის საფუძველზეა დაკავებული. არც მე და ინცინდენტში მონაწილე არცერთ ჩემს მეგობარს პოლიციაში არავითარი საჩივარი არ შეუტანია. ჩვენ საქმის აღძვრის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შევიტყვეთ, რაც სამართალდამცავი ორგანოდან დაგვიკავშირდნენ და გამოკითხვაზე დაგვიბარეს. ჩვენ, კანონის მოთხოვნების შესაბამისად, გამოძიებას მივეცით ჩვენება რესტორანში მომხდარის შესახებ.
სამართლებრივ სახელმწიფოში, ხალხმრავალ ადგილას, იარაღით გადაადგილების აღკვეთას არანაირი “ჩივილი“ არ სჭირდება”. – წერს კუჭაშვილი.
თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება მუქარის მუხლით წარუდგინეს. პროკურატურის მტკიცებით, 30 აგვისტოს, ინციდენტის შემდეგ ბიზნესმენი რესტორან სხვა-ს ტერიტორიაზე შეიარაღებული მივიდა.




