ღარიბაშვილი „ასავალ-დასავლის“ რესპონდენტის გარდაცვალების საქმეზე გამოიკითხა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა გაზეთ „ასავალ-დასავლის“ რესპონდენტის, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების შესახებ მის მიერ გამოთქმულ ეჭვებთან დაკავშირებით.
როგორც ჟურნალისტებს პროკურორმა მედეა ცირამუამ უთხრა, ღარიბაშვილმა უარყო, რომ რაიმე ინფორმაციას ფლობს ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე.„მის მიერ საჯაროდ გავრცელებული წერილები ეყრდნობა სხვადასხვა მოარულ ინფორმაციას, რომელიც არის მიღებული სხვადასხვა გამოცემებიდან. შესაბამისად, მხოლოდ ამ ინფორმაციას ეყრდნობოდა მის მიერ გამოქვეყნებული საჯარო წერილები და არა რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას“, – განაცხადა პროკურორმა.ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ მოხდება გამოძიების ფარგლებში სხვა პირების, მათ შორის ღარიბაშვილის წერილში ნახსენები ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის გამოკითხვა, პროკურორმა თქვა, რომ სხვა პირები გამოიკითხებიან, თუკი ამის საჭიროება იქნება. თუმცა, მისი თქმით, „ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი დადასტურებულია“.როგორც ჟურნალისტებს ღარიბაშვილის ადვოკატმა და ცოლის დამ, ნათია თამაზაშვილმა განუცხადა, როდესაც ექს-პრემიერმა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების შესახებ გაიგო, მან კონკრეტული ფაქტები ერთმანეთს დაუკავშირა, საჯაროდ გაახმოვანა და კითხვებიც დასვა.„არაერთ მედიაში იყო გავრცელებული ეჭვები მის [ლაზარე ჯორბენაძის] გარდაცვალებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ირაკლიმაც დასვა ეს კითხვა“, – განაცხადა ადვოკატმა.
რა ეწერა 1 აგვისტოს გავრცელებულ წერილში?ამ წერილში ღარიბაშვილმა თქვა, რომ მას 12 თებერვალს ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის დავალებით ციხეში შეუგზავნეს გაზეთ „ასავალ-დასავლის“ 2 თებერვლის ნომერი, რომელშიც ლაზარე ჯორბენაძესთან ინტერვიუა დაბეჭდილი. ჯორბენაძე ამტკიცებდა, რომ „დავით-გარეჯი გაყიდულია“ და მსგავსი დოკუმენტი საკუთარი თვალით აქვს ნანახი. ის ირაკლი კობახიძის საქმიანობას აკრიტიკებდა, ირაკლი ღარიბაშვილს კი დადებითად წარმოაჩენდა.
ფრაგმენტი „ასავალ-დასავლის“ 2 თებერვლის ნომრიდან
„გადმომცეს პრეტენზიული გზავნილი, რომელშიც გამოთქმული იყო აბსოლუტურად ცრუ აღქმაზე დაფუძნებული ეჭვი – ხომ არ ვიდექი მე ხსენებული სტატიის უკან… ახლა უკვე ჩემთვის სურათი ნათელია და პასუხი ყველა საკითხზე არის გაცემული თუ რატომ ჩამიწერეს წერილის პირველ პუნქტად, რომ „დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაშვილისნაირმა მხარდამჭერებმა“ სერიოზული ეჭვები გააჩინეს და ძალიან დააზიანეს კობახიძე-მდინარაძის გუნდის ინტერესები“, – წერდა ღარიბაშვილი 1 აგვისტოს წერილში.პროკურატურის გამოძიება3 აგვისტოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, „გამოკითხულია გარდაცვლილთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეუღლე, რის საფუძველზეც, ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი“.ამავე განცხადებით გაირკვა, რომ გამოკითხვაზე იბარებდნენ იმ ადამიანებს, რომლებმაც ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე ისაუბრეს, მათ შორის ოპოზიციის ლიდერებს.რა თქვეს ოპოზიციონერებმა?ხატია დეკანოიძე: „ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ივანიშვილის ყველაზე დიდი ხნის მსახური ხელს ადებს კობახიძე/მდინარაძეს, რომ კლავდნენ ან თვითმკვლელობამდე მიჰყავდათ“;ნიკა გვარამია: „ღარიბაშვილი თავის წერილში თვითმკვლელობით შენიღბულ მკვლელობებში რომ ამხელს კობახიძეს და მდინარაძეს, უინტერესო და დასაიგნორირებელი ვერ იქნება“;ირმა ინაშვილი: „რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ლაზარე ჯორბენაძე აღმსარებელი და მაზიარებელი კაცი იყო და მისი თვითმკვლელობა იმთავითვე ეჭვს იწვევდა და უამრავ კითხვას ბადებდა“.
17 აგვისტოს „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც კორუფციული ბრალდება აღიარა და 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა საპროცესო შეთანხმებით, გუნდს და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა;მისი თქმით, „ბიძინა ივანიშვილის დავალებით“ მას გაუგზავნეს წერილი, რომლითაც მისთვის უცნობი კორუფციული დანაშაულის „აღიარება“ შესთავაზეს, რადგან პოლიტიკაში დაბრუნების 1%-იანი „რისკი“ გადაეზღვიათ;18 აგვისტოს გავრცელებულ წერილში მან თქვა, რომ წერილის გამგზავნი მამუკა მდინარაძე იყო – მდინარაძე სხვადასხვა დროს იკავებდა ვიცე-პრემიერის, მინისტრის, სუსის ხელმძღვანელის, საპარლამენტო ლიდერის თანამდებობებს;ამავე წერილში ღარიბაშვილმა თქვა, რომ ყველაფერი გააკეთა“ გუნდთან და ძვირფას ადამიანებთან „დაპირისპირების“ თავიდან ასაცილებლად. სწორედ ასე ახსნა მან მისთვის კორუფციის შესახებ წაყენებული ბრალის აღიარება, რის გამოც მას საპროცესო შეთანხმებით 5-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი;24 აგვისტოს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ახალი, კორუფციის შესახებ ბრალდება პირადად წარუდგინეს, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს – გამოძიების თანახმად, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, კორუფციისთვის მსჯავრდადებული ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენებით, – მან გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტენდერში გამარჯვებული ბიზნესმენისგან, ზურაბ ტუკვაძისგან ქრთამად მიღებული 1,5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ პირადად გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს;27 აგვისტოს, მოულოდნელად, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა და თანამდებობის დატოვებისა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ამის შესახებ ესაუბრა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს: „მირჩევნია გავიწიო“, „ჩემთვის ასე სჯობდა“;ამავე დღეს მან ჟურნალისტების კითხვის პასუხად უარყო ღარიბაშვილის გავრცელებული ინფორმაცია წერილის გაგზავნასთან დაკავშირებით: „არავისთვის არასდროს გამიგზავნია წერილი. პირდაპირ გეუბნებით, მსგავსი საკითხებით მე არასდროს ვყოფილვარ დაკავებული“;31 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ის სამინისტრო, რომელშიც მინისტრის თანამდებობას ის მანამდე იკავებდა და ასევე, აღარ შეიქმნებოდა უწყება, რომლის ხელმძღვანელიც ის უნდა გამხდარიყო.