ტბელ აბუსერისძის უნივერსიტეტი – როგორ აღმოაჩინეს სტუდენტებმა, რომ თბილისის ნაცვლად ხიჭაურაში ისწავლიან

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ათეულობით სტუდენტმა აღმოაჩინა, რომ მათი არჩეული, “საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტი”, რომელშიც ისინი ჩაირიცხნენ, თბილისიდან შორს, 300 კილომეტრში, აჭარაში, შუახევის რაიონის სოფელ ხიჭაურშია.სტუდენტები იქ სასწავლებლად ვერ მიდიან და ეს ჯგუფი ახლა გამოსავლის ძიებაშია.“ყველას არ გვაქვს ფინანსური შესაძლებლობა, სხვა ქალაქში გადავიდეთ…ფსიქოლოგიურად და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარეც ძალიან რთულია”, – წერია მიმართვაში, რომელიც ტბელ აბუსერისძის უნივერსიტეტში ჩარიცხულებმა გაავრცელეს.“ჩვენ თბილისში ვცხოვრობთ და ჩემთვის წარმოუდგენელია ჩემი შვილი ამხელა გზაზე მარტო გავუშვა სრულიად უცხო ადგილას..”, – წუხს ერთ-ერთი აბიტურიენტის მშობელი.“ისედაც ამდენი სტრესი და ამდენი შეცვლილი კანონები გადაგვატარეს, ყველაფერმა ჩვენს თავზე გაიარა და ისედაც დასტრესილები ვართ… კიდევ იქ წასვლა… არ ვიცი”, – წერს მეორე.ერთ-ერთი აბიტურიენტი შარშან საერთოდ ვერ მოხვდა უმაღლესში, წელს კი უცებ ტბელ აბუსერისძის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, რომელიც ხიჭაურში აღმოჩნდა.
წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტი შუახევში, სატელიტური გამოსახულება
“მარტო მაინც ვერ გავუშვებთ”ამ უნივერსიტეტში ჩაირიცხა ანი ბერიძის ოჯახის წევრიც, რომლისთვისაც, ეს არ ყოფილა პრიორიტეტული უნივერსიტეტი – აირჩია, როგორც ერთ-ერთი ასარჩევი უნივერსიტეტებიდან, თუმცა დაწვრილებით ინფორმაცია აღარ უძებნია:”არ ვიცოდით სად იყო. იმიტომ შევცდით, რომ განსხვავებით სხვა უნივერსიტეტებისგან, რომლებიც მდებარეობს სხვა ქალაქებში, აქ არ იყო მითითებული უნივერსიტეტის დასახელების გვერდით ქალაქი – როგორც ეს არის ქუთაისის ა.წერეთლის უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის შემთხვევაში”.ანის თქმით, ოჯახს ძალიან გაუჭირდება 18 წლის ახალგაზრდის გაგზავნა რეგიონში, თუმცა არჩევანიც არ არის: ის ან სტუდენტის სტატუსის გარეშე უნდა დარჩეს, ან გარკვეული დროით, მობილობის შესაძლებლობამდე მაინც წავიდეს იქ სასწავლებლად.“მარტო მაინც ვერ გავუშვებთ და ოჯახის წევრებს მოგვიწევს მორიგეობით მასთან ჩასვლა. თუმცა, ყველას სამსახური გვაქვს და ესეც ძალიან გაგვიჭირდება… ვფიქრობთ რა ვქნათ და ამ სიტუაციაშია 124 აბიტურიენტი”.
საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტის კომპლექსი – შუაგულში ეკლესიით, ფოტო უნივერსიტეტს ვებსაიტიდან.
რა მოხდა? რატომ დაუშვა ერთდროულად ამდენმა სტუდენტმა შეცდომა, რომლის გამოსწორებასაც ახლა ცდილობენ?“არჩევანის გაკეთებისას უნივერსიტეტის სახელწოდებიდან მისი გეოგრაფიული მდებარეობა ყველასთვის მკაფიოდ არ იყო აღქმული…ჩვენ სწავლის გაგრძელებაზე უარს არ ვამბობთ. არ გვინდა, ეს შესაძლებლობა მხოლოდ სოციალური და ფინანსური მდგომარეობის გამო დავკარგოთ”, – წერენ უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტები.მათ ისიც გაარკვიეს, რომ ამ ეტაპზე ხიჭაურის უნივერსიტეტს (აჭარაში ამ უნივერსიტეტს სწორედ ამ სახელით იცნობენ) სრულად დისტანციური ან ჰიბრიდული პროგრამები არ აქვს და არც მათი შემოღებაა დაგეგმილი.შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული კურსების ონლაინ ჩატარება, რაც სტუდენტების პრობლემას ვერ აგვარებს.ისინი ითხოვენ, რომ ან მეორადი ჩარიცხვის/გადანაწილების პროცესში ჩართონ, ან სხვა გზა გამოინახოს, რომ სტუდენტებმა მათთვის ხელმისაწვდომ ადგილას გააგრძელონ სწავლა.სოციალურ ქსელებში ამ ამბის გავრცელების შემდეგ კრიტიკის სამიზნე ისევ ეს სტუდენტები გახდნენ.“ვერ დაგუგლეს, სად აბარებდნენ?”“შავით თეთრზე წერია მისამართი” – წერდნენ ფეისბუკზე.ზოგიერთმა ეს ამბავი “სასკოლო განათლების სავალალო მდგომარეობას” დაუკავშირა.”ვეკითხები ხოლმე, იცით, სად არის ეგ უნივერსიტეტი?“დაბნეულობა და გაუგებრობა იმან გამოიწვია, რომ აბიტურიენტთა 2026 წლის ცნობარში, ყველა უნივერსიტეტს, გვერდზე, ფრჩხილებში უწერია, სად არის ეს უნივერსიტეტი, რომელ ქალაქში აქვს ფილიალი, აქ კი – ტბელ აბუსერისძის უნივერსიტეტის შემთხვევაში, მისამართი მხოლოდ თავფურცელზე, დასახელების ქვემოთ გრაფაში, წვრილად აქვს მიწერილი“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ნინო დათაშვილი. როგორც აღმოცნდა, მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ფაკულტეტების და უნივერსიტეტების არჩევისას, უმრავლესობა ცნობარს არ უყურებს ხოლმე.
ამონარიდი აბიტურიენტთა 2026 წლის ცნობარიდან, სადაც მისამართის გრაფაში მითითებულია უნივერსიტეტის ადგილი
“მაგას ვერც ნაეკის პორტალზე ხედავენ… აბიტურიენტი კი არა, არც მე მივაქცევდი მაგ მინაწერს ყურადღებას. ამიტომ ჩათვალეს, რომ ეს იყო თბილისში არსებული, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ერთ-ერთი უნივერსიტეტი. ტყუილად დასცინიან ამ ბავშვებს”.
ნინო დათაშვილი
“ხშირად მეუბნებიან ხოლმე აბიტურიენტები, მე უკვე შემოვხაზე ტბელ აბუსერისძის უნივერსიტეტიო -მაშინვე ვეკითხები, იცით, რომ ის შუახევშია-მეთქი? იმ წამსვე უარობენ”, – თავის გამოცდილებას უზიარებს რადიო თავისუფლებას სამოქალქო განათლების და ისტორიის პედაგოგი ნიკოლო წულაიაც.მისი დაკვირვებით, ამ უნივერსიტეტს სტუდენტები გარანტირებული ჩარიცხვის მიზნით ირჩევენ ხოლმე,რადგან იქ შედარებით დაბალი კონკურენციაა.“ჩემი დაკვირვებით, წმინდანების სახელობის უნივერსიტეტები, ჩვენთან, ზოგადად, არაპოპულარული არ არის, მაგრამ ეს კონკრეტული სასწავლებელი, უბრალოდ, შორია და მასზე უარის მიზეზიც უფრო ეს მგონია”.
ტბელ აბუსერისძის უნივერსიტეტის სატრაპეზო
“ეს მხოლოდ პიროვნული შეცდომა არ არის”სიმონ ჯანაშია, განათლების საკითხების მკვლევარი და პოლიტიკური პარტია „თავისუფლების მოედნის“ წევრი ფიქრობს, რომ ეს რომ მხოლოდ პიროვნული შეცდომა იყოს, მაშინ ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტში ჩარიცხულთა რაოდენობა არ გაოთხმაგდებოდა.და თუ სტატისტიკას შეხედავთ, ნახავთ, რომ გასულ წელს ამავე უნივერისტეტში ჩააბარა 42-მა ადამიანმა. წელს – 159-მა. და მათგან მხოლოდ 35 აბიტურიენტი იყო აჭარიდან.გარდა შეცდომის მთავარი მიზეზისა, გვეუბნება სიმონ ჯანაშია, რომ ჩამონათვალში, ელექტრონულ სისტემაში, უბრადლო არსად ეწერა გარკვევით, სად არის ეს უნივერსიტეტი, სწორედ უნივერსიტეტებში შეზღუდული რაოდენობის ადგილებმა გამოიწვია ის, რომ აბიტურინეტები ყველგან ეძებდნენ შესაძლო უნივერსიტეტებს, სადაც სასურველ პროგრამაზე ჩააბარებდნენ.„ასე აღმოჩნდნენ ტბელ აბუსერისძის უნივერსიტეტშიც, რომელიც, სავარაუდოდ, ეგონათ, რომ იყო ვაკეში“.
სიმონ ჯანაშია. განათლების საკითხების მკვლევარი და პოლიტიკური პარტია „თავისუფლების მოედნის“ წევრი
ამ შეცდომისა და დაბნეულობის კიდევ ერთი მიზეზი, სიმონ ჯანაშიას აზრით, არის ის, რომ აბიტურიენტებს, როგორც წესი, არ ჰყავთ მხარდამჭერები, ისეთი მრჩევლები, ვინც ამ პროცესში მათ სწორ რჩევას მისცემდნენ.„…36 000 ადამიანი, რომელიც აკადემიურ პროგრამებზე დარეგისტრირდა, თავად ცდილობენ ნავიგაციას, რადგან სკოლაში მათ არ ჰყავთ ასეთი მრჩეველი, რეპეტიტორების ნაწილი არჩევნის გაკეთების დროს არ ერთვება, მშობლებს თავად არ ჰყოფნით განათლება“.მიზეზების ჩამონათვალს ემატება შეზღუდული არჩევანიც – ეს რომ არა, ხიჭაურის უნივერსიტეტში მოხვედრილები შესაძლოა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ან ტექნიკური უნივერსიტეტის ან სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტები მაინც გამხდარიყვნენ.ეს შეცდომა, რაც აბიტურიენტებმა დაუშვეს, სამინისტროს პასუხისმგებლობაცაა, რადგან ჩამონათვალში უფრო მკაფიოდ უნდა ყოფილიყო მითითებული, სად არის საპატრიქროს ეს კონკრეტული უნივერსიტეტი, ფიქრობს სიმონ ჯანაშია. მისი აზრით, ცალკე სალაპარაკოა თავად გაუმარტავი სისტემა, როცა საქართველოში, განსხვავებით დასავლური უნივერსიტეტებისგან, ერთდროულად ორ უნივერსიტეტშიც კი ვერ აბარებ – აქ აბარებ ან ერთგან ან ვერ აბარებ საერთოდ. რაც ნიშნავს, რომ არჩევანი არ გაგაჩნია.1 სექტემბერს მათი მშობლები განათლებს სამინისტროს წარმომადგენლებსაც შეხვდნენ – როგორც უწყებაში გვითხრეს, ჩარიცხულ სტუდენტებს მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვეღარ მისცემენ. პირველი წელი მათ არჩეულ უნივერსიტეტში მოუწევთ სწავლა, მომდევნო წელს კი, მობოლობა – ანუ სხვა უნივერსიტეტში გადასვლა შეეძლებათ.“ან უარი უნდა თქვან სტუდენტის სტატუსზე და მომავალ წელს ჩააბარონ”, – აცხადებს განათლების სამინისტრო.ტბელ აბუსერისძის უნივერსიტეტი და მისი დაარსებაწმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტი სხალთის მთავარეპისკოპოსის სპირიდონის (აბულაძე) სახელს უკვაშირდება, რომელსაც დიდი გავლენა აქვს როგორც ამ სასწავლებელზე, ისე მთლიანად შუახევის რეგიონზე.ეს უნივერსიტეტი, 2003 წელს, სწორედ მისი ინიციატივით დაარსდა მაღალმთიან აჭარაში (ხიჭაურში), რასაც საპატრიარქომ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. მისი მიზანი იყო რეგიონში სასულიერო და საერო განათლების კერების გაჩენა.საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ამ უნივერსიტეტში, სხვა პროგრამებთან ერთად, რამდენიმე საბაკალავრო პროგრამაა, მათ შორის, საჯარო მმართველობა, ბიზნეს ადმინისტრირება, სამართალი, ისტორია, ჟურნალისტიკა, ხელოვნებათმცოდნეობა, აგრარული მეცნიერებები და სხვა.უნივერსიტეტის წესდებაში წერია, რომ მის მთავარ ღირებულებებს შორისაა მართლმადიდებლური ქრისტიანობა; ობიექტურობა და სამართლიანობა, წიგნიერება; ეროვნული ღირებულებების და თვითშეგნების დაცვა და განმტკიცება.ხიჭაურის უნივერსიტეტი განსაკუთრებული კრიტიკის ტალღის ქვეშ 2019 წელს მოექცა, როცა მას და რუსულ უმაღლეს სასწავლებელთან, დონის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა და რა დროსაც, მეუფე სპირიდონმა ოფიციალურად დალოცა რუსი რექტორები.მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ცნობილია თავისი თავისი მკვეთრად ანტიდასავლური, კონსერვატიული განცხადებებით, პანდემიისა და ვაქცინაციის წინააღმდეგ ქადაგებებით.მან ბოლო წლებში არაერთხელ ღიად გამოხატა რუსეთისადმი განსაკუთრებული სიყვარული. ხოლო უკრაინაში ომის ფონზე, ის ამბობდა, რომ წინასწარმეტყველება უნდა აღსრულდეს და ომის შემდეგ – „წმინდა რუსეთი იქნება, რომელსაც სამწმინდას ეძახიან” და მასში შედიან რუსეთი, უკრაინა და ბელარუსი”.
მისი სახელი დაკავშირებულია ასევე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატთან, რომელსაც ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა და რომელი პანსიონის კედლებს მიღმაც ბავშვებზე ძალადობის შემთხვევების გასარკევვად არაერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.