პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კობახიძის გაეროში ვიზიტს აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობებისგან მიჯნავს და ამბობს, რომ ეს ერთმანეთისგან განსხვავებული ფორმატებია. მისი მტკიცებით, ბოლო პერიოდში სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებებში საქართველოს მიმართ დამოკიდებულების „გადააზრება“ შეინიშნება, მათ შორის შეერთებულ შტატებშიც.
პაპუაშვილი აცხადებს, რომ თბილისი მზად არის, ვაშინგტონთან ურთიერთობებში „წინ გაიხედოს“ და წინა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებები წარსულში დატოვოს.
გაერო სხვა ფორმატია, გაეროში ჩასვლა, გამოსვლა სხვა ფორმატია, ორმხრივი ურთიერთობები სხვა ფორმატია. შესაბამისად, ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. ტერმინი “დალაგება”, ვფიქრობ, არასწორია თუკი ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს.
ჩვენ რასაც ვაკვირდებით ბოლო პერიოდში, ვფიქრობ, არის ის, რომ გადააზრებაა სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებაში საკუთარი დამოკიდებულების. ვხედავთ, რომ აშშ-თანაც გვაქვს პოზიტიური დინამიკა. ის, რომ არსებობს კონტაქტები ადმინისტრაციებს შორის, ის, რომ დელეგაცია იყო ჩამოსული, რომელთანაც იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები დასწორედ ამ იმედით ვუყურებთ ჩვენ ჩვენს სამომავლო ურთიერთობებს.
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ ვართ მზად, რომ მიუხედავად იმ გადაწყვეტილებებისა, რომელიც წინა ადმინისტრაციამ მიიღო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით და მავნე გადაწყვეტილებები იყო, რომლითაც სტრატეგიული პარტნიორობა გააუქმა, შეეცადა არჩევნებში ჩარევას და ა.შ., ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ფურცელი გადავშალოთ, გავიხედოთ წინ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით კეთილსინდისიერი პარტნიორები, – ამბობს პაპუაშვილი.
აშშ-სთან ურთიერთობების „შერიგებად“ ან „დალაგებად“ შეფასებას არ ეთანხმება ირაკლი ქადაგიშვილიც. მისი თქმით, საქართველოს შეერთებულ შტატებთან „შესარიგებელი“ არაფერი აქვს, რადგან ქვეყანას საერთაშორისო ურთიერთობებში აღიარებული პრინციპები არ დაურღვევია. ქადაგიშვილი აცხადებს, რომ საქართველო პარტნიორებისგან თანასწორ ურთიერთობასა და თანამშრომლობას მოითხოვს.
აშშ-თან შერიგების საკითხი შეიძლება, ირანსა და აშშ-ს შორის არსებობდეს, მაგრამ საქართველოსა და აშშ-ს შორის შერიგების საკითხი, დიდი ბოდიში, მაგრამ მიუხედავად თქვენი პროპაგანდის სურვილისა, ასეთი რამ არ არსებობს. არც “დალაგება”, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ რაღაც წარმონაქმნი, რომელიც რაღაცით “დალაგებას” ცდილობს. მე ერთ რამეს მოგახსენებთ თქვენ, რომ ჩვენ ვართ ის სახელმწიფო, რომელიც მოქმედებს საერთო წესების შესაბამისად, ამიტომ ჩვენს სახელმწიფოს არასდროს არცერთ ურთიერთობაში, არც საერთაშორტისო დონეზე, არც სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის დონეზე არ დაურღვევია ის პრინციპები, რაც არის აღიარებული მთელ მსოფლიოში, ამიტომ ჩვენ ყველასგან, ვინც ამ პრინციპებით მოქმედებს, ვითხოვთ სწორედ აი, ამ ურთიერთობას და ამ თანაბარ თანამშრომლობას, – ამბობს ქადაგიშვილი.
ირაკლი კობახიძე წელს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვა – ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახურში ადასტურებენ.
გასულ წელს გაეროს ასამბლეაზე სიტყვით მიხეილ ყაველაშვილი გამოვიდა.
პრესსამსახურში განმარტეს, რომ შარან კობახიძე არჩევნების გამო ვერ წავიდა გაეროში რადგან ის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო.
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესია 2026 წლის 15 სექტემბერს გაიხსნება.




