5 დაღუპული და 38 დაშავებული – საქართველო-მოსკოვის რეისის ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა და თხრილში გადავარდა

საქართველო-მოსკოვის რეისის სამგზავრო ავტობუსი სატვირთო „კამაზს“ შეეჯახა. ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი, ბოლო მონაცემებით, 38-მდე გაიზარდა. მათ შორის 10 ბავშვია.

შემთხვევა 30 აგვისტოს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, „კავკაზის“ საავტომობილო გზის მესამე კილომეტრზე მოხდა.

რუსეთის საგზაო პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, „Setra“-ს მარკის ავტობუსის მძღოლმა წინ მიმავალ „კამაზთან“ უსაფრთხო დისტანცია ვერ დაიცვა და სატვირთოს შეეჯახა, რის შემდეგაც ავტობუსი გზიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია 24 დაშავებულის შესახებ, თუმცა მოგვიანებით მათი რაოდენობა 38-მდე გაიზარდა. წინასწარი მონაცემებით, ავტობუსში სულ 43 ადამიანი იმყოფებოდა.

დაშავებულები პიატიგორსკის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ბავშვებიდან ოთხის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთი კი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

შემთხვევის ადგილზე საგზაო პოლიცია და საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი მუშაობს. ავარიის ზუსტი გარემოებები დგინდება.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩხეიძე: და ვინ აიტაცა პირველმა? რეჟიმმა, რადგან უმძიმეს ტვირთად აწევს თითოეული პატიმარი, ჰაერივით სჭირდება მათი გამოშვება, მაგრამ იმდენად ჩიხშია და იმდენად ბოროტია, რომ უნდა აღიარებით მოიშოროს