დავით ჩხეიძე: და ვინ აიტაცა პირველმა? რეჟიმმა, რადგან უმძიმეს ტვირთად აწევს თითოეული პატიმარი, ჰაერივით სჭირდება მათი გამოშვება, მაგრამ იმდენად ჩიხშია და იმდენად ბოროტია, რომ უნდა აღიარებით მოიშოროს

დიპლომატი დავით ჩხეიძე:
გუშინ რაც მე დამაბრალეს, ტყუილია – სიყალბეა. ჯერ დაიწყეს პროპაგანდისტულმა არხებმა და შემდეგ აქ გააგრძელეს.
სიყალბე ფუყეა. ფუყე დიდებასთან და სახელთან ახლოს ხშირად ვყოფილვარ, ვიცი რა არის და ამიტომ არ მაქვს მისადმი ლტოლვა.
ვინც დაწერა შეწყალება და ვინც არ წერს, ერთი არ არის და არ იქნება. ვინც ამას წერს და ამისთვის ცილს მწამებს, ყალბია.
მე ამ ბრძოლაში პირველივე დღეს ვთქვი, რომ ყველა ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია და რაზეც ვიღებთ პასუხისმგებლობას.
და არავისთვის მას შემდეგ არაფერზე პასუხი არ მომითხოვია, რადგან მარტო ვარ ამ ბრძოლაში და ყველას ასე ვხედავ.
მე შეიძლება მეორე დღესვე დავწერო შეწყალება, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ვინც არ დაწერს, იმის თანასწორი ვიქნები.
გუშინ რაც ჩემს გვერდზე უხამსობა იკადრეს, ამით მხოლოდ საკუთარი თავი გამოხატეს. ახლოს არ მოსულა უმეტესობა ჩემთან და ჩემს ნაწერთან.
ვინც სათნოების სახელით ჩემგან იცავდა პატიმრებს, შეწყალებით რომ მიმართეს რეჟიმს, ბევრი უბრალოდ დაუნდობელია. რადგან დაუნდობელი იყო ჩემს მიმართ.
მე არ ვამტყუნებ იმ პატიმრებს, გარკვევით ვთქვი. მაგრამ ბევრმა იმავე ნაწერებში გამოავლინა, რომ ნებისმიერ დროს დაადებს ხელს, როცა ამის საჭიროება დაუდგება.
ეგ არის ტოტალიტარული საზოგადოების მახე. ადამიანი კეთილია – ხალხი სასტიკი. ღიად გაგამართლებს და სახლში მივა იტყვის, რომ გატყდი და ეცოდები.
დიახ, გზაზე არ გადავედი და ყველას ვეუბნებოდი: არ გადახვიდე გზაზე, რადგან რეჟიმი გაგამტყუნებს; ერთხელ ჩაგსვამს და მეტი არ გადახვალ. ამით ნიშანს მოგვიგებს.
გუშინ დავწერე პირობითად: ანდრო ჭიჭინაძე, რადგან თავიდანვე მტკიცედ დადგა – ხუთი წელი ემუქრებოდა თუ შვიდი – და ბოლომდე გაიტანა.
და რა მომწერეს? ორი თვე დარჩა და გამოვაო. და ორი წელი რომ იჯდა ან წლებს როგორ ვუთვლით, ან ღვაწლს როგორ ვუწონით?
მზია ამაღლობელმა რომ დაწეროს? მოიწონებენ? თუ მზია უკეთესია, ვიდრე საბა ჯიქია? მე ასე არ მიმაჩნია. სიმბოლოდ ან რჩები, ან არა.
თუ არ რჩები ჩემთვის ეგ ნაკლი არ არის. ეგ ნაკლია მათთვის ვინც სიმბოლოებს ითხოვს, რომ ბრძოლაში დარჩეს.
ვიღაცამ მოიწერა, რაც ისხდნენ გაუბათილეო? ამ კითხვას სრულიად სხვა ცნობიერება ბადებს. ვინც ღვაწლს აჯამებს და გითვლის.
მე ჩემი თავისთვის ვიბრძვი და მგონია, ყველა ასე აკეთებს და რასაც საკუთარი თავისთვის ვაკეთებ სხვას როგორ დავუთვალო ან გავუბათილო?
ამიტომ არასდროს ვიტყოდი ან მითქვამს, დაწერონ ან არ დაწერონ.
მაგრამ ვიღაცა ხომ უნდა იყოს გარეთ, ღვთისნიერი, ვინც კაცს, რომელიც საპატიმროში რჩება, ეტყვის: “აქა ვარ, ძმაო, ვხედავ შენ ღვაწლს, შენს თავგანწირვას”.
ეგ გავაკეთე!
და რა მივიღე? და ვინ აიტაცა პირველმა? რეჟიმმა, რადგან უმძიმეს ტვირთად აწევს თითოეული პატიმარი, ჰაერივით სჭირდება მათი გამოშვება, მაგრამ იმდენად ჩიხშია და იმდენად ბოროტია, რომ უნდა აღიარებით მოიშოროს.
ამაშიც ნიშანი მოგვიგოს.
მაგრამ ჩვენ რა დაგვემართა?
ყველაფერი ერთია – ყველანი ჯიგრები ვართ – და ერთი მე აღმოვჩნდი არაადამიანი.
ჯიგრობა არის მავნებლობა, მაშინ როდესაც რეჟიმი ყველაფრის ნიველირებას აკეთებს.
თეთრს და შავს ათანაბრებს, რომ აზრი დაუკარგოს ბრძოლას, სიწმინდეს, სახელს, კაცობას… და ყველაფერთან შეგაგუოს.
მაშინ როდესაც ლაპარაკია პრინციპზე. მხოლოდ პრინციპით და პრინციპისთვის ვდგავართ მშვიდობიანად, ჯიუტად.
კონსტიტუცია არის პრინციპი: ან იცავ, ან ვერ. შედეგად ან გაქვს სახელმწიფო, ან გაქვს კრიმინალური ზონა.
რეჟიმი არ იცავს. გავედი, დავდექი და ვუმტკიცებ, რომ მე დავიცავ. და მეუბნება, ვერ დაიცავ და ბრძოლის ხაზიც მანდ გადის.
პარიზში მეგობარს ვაცილებდით. ცენტრიდან მიდიოდა ავტობუსი აეროპორტში. მივიყვანეთ, ჩაჯდა.
უცბად გოგონა მოვიდა უნდა ასულიყო და მძღოლმა უთხრა: “აღარ არის ადგილი”.
“ვაიმე, დავიღუპები, რომ არ წამიყვანოთ. ბილეთები მიუქმდება, მეტს ვერ ავიღებ, ფული არ მაქვს, სადაც მივდივარ, იმ შეხვედრასაც გავაცდენ…”
რამდენიმე წუთი ვუყურებდით, როგორ სთხოვდა აცრემლებული, აწითლებული გოგონა მძღოლს ავტობუსში ასვლას. და მისი პასუხი იყო შეუვალი არა!
ცივად მის წინ დახურა კარი და დაძრა ავტობუსი. წყენა, ბრაზი, შეცოდება, ზიზღი – ერთად მახრჩობდა.
დავბრუნდი. რამდენიმე თვე არ იყო გასული. გიორგიმ დამირეკა: “ნინიკო აღარ არის!”
წინა დღით ექსკურსიაზე წავიდა. მძღოლს გადაბმული ჰქონდა მუშაობის საათები, საჭესთან ჩაეძინა და მომიკლა ოჯახის წევრი.
მაშინ ფრანგი მძღოლის ცივი “არა” საშინლად გათბა და გამართლდა ჩემს გულში.
ფეხზე დამდგარი შეცოდებული გოგონა შეიძლება მომკვდარიყო. მძღოლმა ეგ არ დაუშვა.
რეჟიმისთვის ნათქვამი – არა – ჩემთვის ამას ნიშნავს.
და თქვენ არაადამიანად გამომიყვანეთ.