დაკავებული პრორუსი პოლიტიკოსები და მძიმე ბრალდებები – მოსკოვი სომხეთს ისევ ემუქრება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი წინასაარჩევნო დაპირებებს ასრულებს – პრორუსული ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილი უკვე დაკავებულია, სხვადასხვა დროს ჩადენილ მძიმე დანაშაულებთან დაკავშირებული ბრალდებით.

27 აგვისტოს, დილით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს სომხეთის მეორე პრეზიდენტს – რობერტ ქოჩარიანს, რომელიც 26 აგვისტოს, გვიან საღამოს, სასამართლოში საავადმყოფოდან მიიყვანეს და ღამის სასამართლო პროცესიდან ისევ საავადმყოფოში დააბრუნეს – ჯანმრთელობის გაუარესების გამო.

რობერტ ქოჩარიანი 25 აგვისტოს დააკავეს, უფროს ვაჟთან და მათთან დაკავშირებულ ადამიანებთან ერთად. სხვადასხვა წყაროს ცნობით, 25 აგვისტოს, ქოჩარიანის საქმის ფარგლებში, ბრალი წაუყენეს, ჯამში, 10 ადამიანს, მათ შორის – სომხეთის მესამე პრეზიდენტს, სერჟ სარქისიანსაც.

ბოლო წლის განმავლობაში, სომხეთში დააკავეს პრორუსული პოლიტიკური ძალების არაერთი ლიდერი, წევრი თუ მხარდამჭერი – ათეულობით ადამიანი კვლავ პატიმრობაში რჩება.

ოპონენტების “განადგურების” დაპირება ნიკოლ ფაშინიანმა 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებამდე დადო. სამშაბათს კი თქვა, რომ მათი “მუხლებზე დაჩოქების” მანდატი აქვს და ამ დაპირებას შეასრულებს. ეს ოპონენტები, თავიანთი საქმიანობით, ძირითადად რუსეთის ინტერესებს ემსახურებიან.

სომხეთს კვლავ ემუქრებიან მოსკოვიდან – ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებების შემდეგ. რუსი დეპუტატები სომხეთს რუსოფობიაში სდებენ ბრალს და „ევროპელი ჯაშუშების მოზღვავებას“ უწინასწარმეტყველებენ.

რუსმა სენატორმა ჯაბაროვმა განაცხადა, რომ, სომხეთისგან განსხვავებით, ევროპას უარი უთხრა საქართველოს ხელისუფლებამ.

ქოჩარიანს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი – რობერტ ქოჩარიანი, 25 აგვისტოს, ანტიკორუფციულ კომიტეტში გადაყვანის შემდეგ დააკავეს, როდესაც მისი ორი ვაჟის – სერდაკ და ლევონ ქოჩარიანების სახლების ჩხრეკა მიმდინარეობდა

სამართალდამცველები ქოჩარიანების კუთვნილი საწარმოების ოფისებშიც შევიდნენ. ჩხრეკის შემდეგ, მალევე დააკავეს – სერდაკ ქოჩარიანი.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, რობერტ ქოჩარიანს, რომელსაც 31 აგვისტოს 72 წელი უსრულდება, დაკავების შემდეგ საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.თუმცა ამ ფაქტს არ შეუჩერებია მისი საქმის სასამართლოში გადაცემის პროცესი – ორთვიანი წინასწარი პატიმრობის მოთხოვნით.

ღამით მიმდინარე სასამართლო სხდომაზე საავადმყოფოდან ქოჩარიანიც მიიყვანეს, თუმცა, როგორც დილით გაირკვა – ბრალდებულს კვლავ საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.

„[რობერტ ქოჩარიანს] ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება“, – განაცხადა 26 აგვისტოს ანტიკორუფციული კომიტეტის პრესმდივანმა მარინა ოგანჯანიანმა.

ქოჩარიანი სომხეთს 1998-2008 წლებში მართავდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ექსპრეზიდენტმა ქრთამის სახით უძრავი ქონების 56 ობიექტი მიიღო – საბაზრო ღირებულებით 2.6 მილიარდი დრამი [დაახლოებით 7.1 მილიონი დოლარი]. სამართალდამცველებმა შეამოწმეს შვილის ფულადი გადარიცხვებიც, 2001-2019 წლებში – ჯამში 800 მილიონი დოლარი.

რობერტ ქოჩარიანის ბლოკმა – „სომხეთი“ – ბოლო არჩევნებზე 12 მანდატი მოიპოვა. მანდატზე უარი თქვა რობერტ ქოჩარიანმა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში პირადად ლიდერობდა ბლოკს.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩხეიძე: და ვინ აიტაცა პირველმა? რეჟიმმა, რადგან უმძიმეს ტვირთად აწევს თითოეული პატიმარი, ჰაერივით სჭირდება მათი გამოშვება, მაგრამ იმდენად ჩიხშია და იმდენად ბოროტია, რომ უნდა აღიარებით მოიშოროს