„საერთაშორისო სასამართლოებში ყველა გამარჯვება სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში იქნა მიღწეული“ – რატი ბრეგაძე
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს პარლამენტში საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების დაცვის შესახებ ისაუბრა.
„საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების დაცვა არის იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია და ამ მხრივ ბევრი რამ გვაქვს საამაყო – არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს, არამედ მთლიანად სახელმწიფოს. აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ 3 300-მდე საქმიდან აბსოლუტურად ყველა საქმე დასრულდა საქართველოს გამარჯვებით. ყველა ეს გამარჯვება სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში იქნა მიღწეული. 2023 წლის 28 აპრილს 2008 წლის ომის დროს დაზარალებული 24,000-მდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ რუსეთს 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი (რომელიც, სხვებს შორის, მოიცავს ტატუნაშვილის, ოთხოზორიას და ბაშარულის საქმეებს) 2023 წლის 20 აპრილს სტრასბურგის სასამართლომ სრულად დასაშვებად გამოაცხადა. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ თითოეული ადამიანის უფლება, რომელიც დაირღვა ომის დროს, სამართლებრივად ბოლომდე იყოს დაცული “, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.