სნუპ დოგი: გადავწყვიტე, შევეშვა [მარიხუანის] მოწევას

ცნობილმა რეპერმა სნუპ დოგმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მან შეწყვიტა მარიხუანის მოწევა.
“ბევრი ფიქრისა და ჩემ ოჯახთან საუბრის შემდეგ, გადავწყვიტე შევეშვა მოწევას. გთხოვთ, არსებულ სიტუაციაში, პატივი ეცით ჩემ პირად სივრცეს”. – წერს სნუპ დოგი Instagram-ზე.
სნუპ დოგის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ სხვადასხვანაირი რეაქცია გამოიწვია მის ფანებს შორის. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის კომენტარებში ბევრი მის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს, ხოლო ნაწილს არ სჯერა, რადგან რეპერს არ დაუკონკრეტებია, თუ კონკრეტულად რის მოწევას ანებებს თავს.
ჰიპ-ჰოპის ლეგენდა თავისი მუსიკით ყოველთვის დაკავშირებული იყო მარიხუანასთან. ის ასევე წლების მანძილზე პოპულარიზაციას უკეთებდა მარიხუანის მოხმარებას და აქვს რამდენიმე წარმატებული ბიზნესი მარიხუანის ინდუსტრიაში. კერძოდ, ის აწარმოებს მარიხუანის საკუთარ ბრენდი, სახელად “სნუპის ფოთლები” და ის ასევე მარიხუანის საინვესტიციო ფონდის, Casa Verde-ს ერთ-ერთი მეწილეა.