„ღონისძიების მიზანია სტუდენტებს საზეიმო გარემოში მიმართოს მთავრობის ოფიციალურმა პირებმა“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს განაცხადში, რომლითაც ის შესყიდვების სააგენტოს მიმართავს და უტენდეროდ ითხოვს 742 251 ლარის გახარჯვას ღონისძიებისთვის, რომელიც 16-18 სექტემბერს ქუთაისსა და რუსთავში უნდა გაიმართოს.
სამინისტროს განცხადებით, ღონისძიებას დაახლოებით 17 000 პირველკურსელი უნდა დაესწროს. 12 000 რუსთავში და 5 000 ქუთაისში.
სამინისტრო თვლის რომ, ღონისძიება „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათს ატარებს“, რადგან „პირველკურსელებისთვის შეიქმნას პოზიტიური და ინკლუზიური გარემო, გაძლიერდეს მათი კავშირი უმაღლესი განათლების სისტემასთან“.
სამინისტროს აზრით, სწორედ ეს ღონისძიება შეუწყობს ხელს „რეფორმის“ ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების სამიზნე აუდიტორიამდე მიტანას და პოპულარიზაციას.
„ღონისძიების მიზანია სტუდენტებს საზეიმო გარემოში მიმართოს მთავრობის ოფიციალურმა პირებმა, ინფორმაცია მიაწოდონ რეფორმის შედეგად განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც მათ უშუალოდ შეეხებათ და მათთვის ერთიან სივრცეში გააერთიანოს საგანმანათლებლო, კულტურული და გასართობი აქტივობები“, – ასე ასაბუთებს სამინისტრო 700 ათასი ლარის ხარჯვის საჭიროებას ქვეყანაში, სადაც ასობით სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული უფინანსობის გამო.
სამინისტრო ამბობს, რომ ამ თანხების ხარჯვით, საზოგადოებას „დროულად“ გააცნობს რეფორმის შედეგებს, მაშინ, როცა განათლების რეფორმა ისე წამოიწყო „ოცნების“ ხელისუფლებამ, რომ უნივერსიტეტების რექტორების, პროფესორების და სტუდენტების აზრი არ მოუსმენია. მიზნობრივ აუდიტორიასთან „დროულ კომუნიკაციას“ კი 16 სექტემბერს გამართულ ღონისძიებას უწოდებს, სადაც მილიონამდე ლარს დახარჯავს ბიუჯეტიდან.
განათლების სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ დაგეგმა ბაზრის კვლევაც, რომელშიც მონაწილეობის სურვილი სამმა კომპანიამ გამოხატა.
სამინისტრო ირწმუნება, რომ რადგან ღონისძიება 16-18 სექტემბერს უნდა ჩატარდეს, „ტენდერის საშუალებით ზემოაღნიშნული შესყიდვის განხორციელება შეუძლებელია“. სამინისტროსთვის შეუძლებელი ყოფილა ღონისძიების წინასწარ დაგეგმვაც.
სამინისტროს განაცხადით, რომლითაც ის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობისთვის მიმართავს, ნათქვამია, რომ 700 ათას ლარზე მეტი თანხა უნდა დაიხარჯოს 2026-2027 სასწავლო წლის პირველკურსელთა მიღების ღონისძიების სრულ ორგანიზებაზე, რომელშიც შედის ტექნიკური უზრუნველყოფა, სივრცის მოწყობა/დაბრენდვა, მუსიკალური პროგრამა, კვების ზონის ორგანიზება, უსაფრთხოების, დასუფთავების და საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა, ლოჯისტიკის – ტრანსპორტირების, მონტაჟის და დემონტაჟის უზრუნველყოფა.
სტუდენტების ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ ოფიციალური პირები და გაიმართება კონცერტი.




