ბიზნესმენ ზურა ტუკვაძეს, რომელიც ჯარის ძარცვის საქმეში ღარიბაშვილის მონაწილეობაზე 1 წლის წინ საუბრობდა, ქვეყანაში ვერ პოულობენ | ინფორმაციას ამის შესახებ ტვ პირველი ავრცელებს. მათივე ცნობით, ასევე დაკეტილია დიღომში მდებარე ზურა ტუკვაძის ოფისი.
ტუკვაძე ღარიბაშვილის ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის ნათესავის ყოფილი ქმარია.
“ვასილ მხეიძემ მითხრა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ ჩემი ტენდერების მონაწილეობის და გამარჯვების სქემა ირაკლი ღარიბაშვილთან გაიარა და მისგან თანხმობაც მიიღო. საუბრისას ღარიბაშვილს ჯუანშერისთვის ისიც უთქვამს, რომ არ ვიყავი კარგი სიძე, მაგრამ ვარ კარგი ბიზნესპარტნიორი. ამას ღარიბაშვილი იმიტომ იტყოდა, რომ მე ნუნუკა თამაზაშვილის გარე ბიძაშვილზე ვიყავი დაქორწინებული და ერთმანეთს კონფლიქტით დავშორდით. ეს იცოდა ღარიბაშვილმაც” | ამბობდა ჩვენებაში ტუკვაძე.
განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე ირაკლი ღარიბაშვილს დღეს ახალი ბრალი წარუდგინეს. როგორც პროკურატურაში თქვეს, ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ მისცეს. უწყების ცნობითვე, “ჯუანშერ ბურჭულაძემ 750 000 ლარი ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს”. ღარიბაშვილისთვის წარდგენილი ახალი ბრალი 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.