„ივანიშვილის პირდაპირი ბიზნესია ოკუპანტებთან“ – ბესო შენგელია აფხაზეთში საწვავის მიწოდებაზე

“ნაციონალური მოძრაობა” „ქართულ ოცნებას“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის მიწოდების სქემაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ბესო შენგელიამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსის მტკიცებით, აფხაზური მედიით გავრცელებული ინფორმაცია, ადასტურებს საწვავის მიწოდებას კომპანია „სოლიდუსის“ მიერ დე ფაქტო ხელისუფლების დაქვემდებარებაში არსებული „აფხაზტოპისთვის“.

შენგელია ამტკიცებს, რომ სქემაში რუსულ „როსნეფტთან“ დაკავშირებული კომპანიები და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირებიც ფიგურირებენ და პროცესს „საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ მოღალატეობრივ სქემას“ უწოდებს.

დღეს ოფიციალურად დადასტურდა ის, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ვამბობდით: ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, საქართველოს მოქალაქეების ზურგს უკან, რუს ოკუპანტებსა და სეპარატისტებს საწვავით ამარაგებს! ეს არის პირდაპირი მოღალატეობრივი სქემა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ!
​ახლა აფხაზური მედიითაც დასტურდება: ივანიშვილის ჯიბის კომპანია „სოლიდუსმა“ საწვავი ჩააბარა სეპარატისტულ სახელმწიფო საწარმო „აფხაზტოპს“, რომელსაც 2021 წლიდან აქვს სახელმწიფო უნიტარული საწარმოს – აფხაზეთის საწვავის კომპანიის სტატუსი. აფხაზტოპი დე-ფაქტო რეჟიმის ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
„აფხაზტოპის“ 51%-ს ფლობს რუსული სახელმწიფო გიგანტი „როსნეფტი“-ს შვილობილი კომპანია “როსნეფტ აფხაზია”!
​ივანიშვილმა ეს საწვავი ჩააბარა ქართველთმოძულე სეპარატისტების კლანს!
პროცესებს სათავეში უდგას კრისტინე ოსგანი – დე ფაქტო ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი და „როსნეფტ აფხაზიას“ ხელმძღვანელი, რომელიც გამოირჩევა ქართველების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით. ის არის შვილი კონსტანტინე ოსგანის – ქართველების ნომერ პირველი მტრის და „ლიხნის ხელშეკრულების“ ერთ-ერთი ავტორის! რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობას იკავებდა დე-ფაქტო მთავრობაში. აქვეა ვალერი არძინბა, „აფხაზტოპის“ გენ.დირექტორის მოადგილე და სეპარატისტ პრეზიდენტს ვლადისლავ არძინბას ოჯახის წევრი.
​ამ სქემის სათავეში დგას საწვავის მომწოდებელი კომპანია „რამსფოლი“ იგივე „ქონექტი“, რომელიც არაერთი ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ პირდაპირ გადაჯაჭვული არის ბიძინა ივანიშვილთან და მის ძმასთან ალექსანდრე ივანიშვილთან, ასევე ვანო ჩხარტიშვილთან „სოლიდუსი“ უბრალო გადამზიდი პაიკია.

ეს არის ივანიშვილის პირდაპირი ბიზნესი ოკუპანტებთან, სადაც ასევე ჩართული არიან მისი ძველი პარტნიორები მამა-შვილი გიორგი (საქ-პეტერბურგის ყოფილი გუბერნატორი) და ალექსანდრე პოლტავჩენკოები; ცოლ-ქმარი როლანდ ბერივანოვი (ვოლგოგრადის ყოფილი მაღალჩინოსანი) და ანნა კუვინკო (ყოფილი დუმის დეპუტატი)
​მაგრამ ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა კარგად იცოდეს: ჩვენ არ გავაყიდინებთ აფხაზეთს და არ ჩავაბარებინებთ რუსეთისთვის!
აფხაზეთი საქართველოა! ძალიან მალე, ჩვენს აფხაზ თანამოძმეებთან ერთად, სოხუმში აუცილებლად იფრიალებს საქართველოს ხუთჯვრიან დროშას! ჩვენ ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ და ღირსეულ საქართველოში – ამას ვერც ივანიშვილის ღალატი შეაჩერებს და ვერც რუსული ოკუპაცია! დამნაშავეები და მოღალატეები კი უმკაცრესად დაისჯებიან!, – განაცხადა ბესო შენგელიამ.