დღეს, 23 აგვისტოს, უკრაინის სახელმწიფო დროშის დღეს, ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნების ლიდერებმა კიევში უკრაინის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ სამიტში მიიღეს მონაწილეობა.
კიევში ოფიციალური ვიზიტით, მათ შორის, დანიის პრემიერმინისტრი მეტე ფრედერიკსენი, ლატვიის პრემიერი ანდრის კულბერგსი, ლიტვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ესტონეთის პრემიერმინისტრი კრისტენ მიხალი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი და ნორვეგიის პრემიერი იონას გარ სტიორე ჩავიდნენ.
უკრაინისა და ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნების (NB8) სამიტს დისტანციურად შვედეთის პრემიერმინისტრიც, ულფ კრისტერსონიც დაესწრო.
“მადლობას ვუხდი უკრაინა-NB8 სამიტის ყველა მონაწილეს. ნორდიკული და ბალტიის პარტნიორების მხრიდან ძალიან მტკიცე მხარდაჭერა გვაქვს. ჭეშმარიტი პარტნიორები, ჭეშმარიტი მეგობრები არიან. დღევანდელმა სამიტმა ეს ხელახლა დაადასტურა. საჰაერო სივრცის დაცვა, Patriot-ებისთვისა და სხვა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისთვის რაკეტების ზამთრის პაკეტი განვიხილეთ. რა თქმა უნდა, ასევე განვიხილეთ ჩვენი FREYJA-ს პროექტის დეტალებიც. დღეს ასევე ღიად განვიხილეთ უკრაინის თავდაცვის დაფინანსების დეფიციტი. მნიშვნელოვანია, რომ გავუგეთ ერთმანეთს”. – წერს ზელენსკი.
მოგვიანებით, ზელენსკიმ კიევში ჩასულ ლიდერებთან ერთად ასევე ორმხრივი პირისპირი შეხვედრები გამართა.
“მადლობას ვუხდი ჩვენს მეგობრებს იმისთვის, რომ უკრაინისთვის ამდენად მნიშვნელოვან დღეებში ისინი ყოველთვის ჩვენ გვერდით იდგნენ. ამ წლების განმავლობაში ჩვენ ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიის ყოველ ქვეყანასთან ისეთი პარტნიორობები და მეგობრობა ავაშენეთ, რომლითაც შეგვიძლია, ვიამაყოთ. […]
ჩვენს თანამშრომლობას ყოველთვის ნათელი და პრაქტიკული დღის წესრიგი აქვს: ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, ზამთრისთვის მომზადება, ევროინტეგრაცია და თავდაცვის ერთობლივი პროექტები. ჩვენს ერთობლივ სამუშაოსა და დისკუსიებს ხვალაც გავაგრძელებთ.
მადლობა თქვენი მხრიდან დახმარებისთვის მუდმივი მზაობისთვის. ჩვენი მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა უკრაინა პარტნიორებს აძლიერებდეს ჩვენი ექსპერტიზით, საბრძოლო გამოცდილებით და ტექნოლოგიებით”. – წერს ზელენსკი.




