უკრაინის თავდაცვის ყოფილმა – პოპულარულმა მინისტრმა, რომლის თანამდებობიდან დათხოვნას გასულ თვეში საპროტესტო აქციები მოჰყვა, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვა გაავრცელა.
მან გააკრიტიკა მიმდინარე ომის დროს არსებული კორუფცია, გაფრთხილება გამოთქვა მმართველობის სისტემურ კრიზისთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ქვეყანამ უნდა იპოვოს გზა არჩევნების ჩასატარებლად, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან ომი გრძელდება.
მიხაილო ფედოროვის განცხადება გაკეთდა 18 აგვისტოს გვიან საღამოს, რამდენიმე საათით ადრე კი კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც იგი ივლისის შუა რიცხვებში მოულოდნელად გადააყენა, პარლამენტს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ევჰენ ხმარას ამ თანამდებობაზე დამტკიცება სთხოვა.
კენჭისყრა 19 აგვისტოს შედგა და ხმარას 312 დეპუტატი მიემხრო და ის მინისტრად დაამტკიცეს.
ფედოროვის კომენტარებმა, შესაძლოა, კიდევ უფრო გაზარდოს ზეწოლა ზელენსკიზე, რომელიც საზოგადოების მნიშვნელოვანი მხარდაჭერით სარგებლობს, თუმცა თან სდევს კორუფციული სკანდალები და კითხვები ბოლო დროს განხორციელებული საკადრო გადაწყვეტილებების მოტივების გამო. ფედოროვის დაპთხოვნის შემდეგ მისმა მხარდამჭერებმა საპროტესტო აქციები გამართეს.
ზელენსკი ხუთწლიანი ვადით აირჩიეს 2019 წელს, თუმცა 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ მოქმედი საომარი მდგომარეობის გამო არჩევნები არ ჩატარებულა.
„დემოკრატია არ შეიძლება გახდეს რუსეთის მძევალი. ჩვენ ვიბრძვით სწორედ იმისთვის, რომ დავრჩეთ თავისუფალ ევროპულ სახელმწიფოდ. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიპოვოთ კანონიერი, უსაფრთხო და რეალისტური მექანიზმი, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს, აღადგინოს სრულფასოვანი დემოკრატიული პროცესი ხანგრძლივი ომის პირობებშიც კი“, — განაცხადა ფედოროვმა.
„ეს რთულია“, — განაგრძო მან. „ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ხმის მიცემის უფლება სამხედროებისთვის, საზღვარგარეთ მყოფი მილიონობით უკრაინელისთვის და ფრონტისპირა რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ საარჩევნო პროცესის უსაფრთხოება, ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და შედეგისადმი ნდობა“.
ომის მიმდინარეობისას არსებული კორუფცია არა მხოლოდ ფინანსური პრობლემაა, არამედ „გადარჩენისა და გამარჯვების უნარის“ საკითხიცაა, — განაცხადა მან და აღნიშნა, რომ უკრაინაში მმართველობის სისტემური კრიზისია.
განცხადებაში, რომელიც ზელენსკის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას ჰგავს, მან აღნიშნა, რომ უკრაინელები თავიანთ მთავრობას ყოველთვის უცხადებდნენ დიდ ნდობას, განსაკუთრებით ომის დროს, და რომ ეს არის „უზარმაზარი პასუხისმგებლობა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის. რადგან ნდობის მინიჭება არ არის უფლება, გააკეთო ყველაფერი განმარტების გარეშე. ეს არის ვალდებულება, იყო კიდევ უფრო პირნათელი საზოგადოებასთან“.
„სწორედ აქ უნდა არსებობდეს ახალი სოციალური შეთანხმების მარტივი პრინციპი: მოქალაქე ენდობა სახელმწიფოს — სახელმწიფო პატიოსნად ელაპარაკება მოქალაქეს“, — განაცხადა ფედოროვმა.




