დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე, სასამართლომ 2 პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, ყალბი დოკუმენტის დამზადება/გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ორი პირი დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021-2022 წლებში, ბრალდებულებმა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებული კომპანიების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით, ყალბი ინვოისების საფუძველზე, ძვირად ღირებული ავტომანქანების შესაძენად დაზარალებულებს ჯამში 11 000 000 ლარზე მეტი თანხა გადმოარიცხინეს. აღნიშნულის შემდეგ, ნაცვლად არაბული კომპანიების მიერ შეკვეთილი ავტომანქანებისა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა შეიძინეს მათთვის სასურველი მოდელის ავტომანქანები, რომლებიც სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაასხვისეს. ამ გზით ბრალდებულებმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემოსავალს კანონიერი სახე მისცეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, ასევე 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და ძირითადი სასჯელის სახით თითოეულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.