მოკლე შინაარსი
2026 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი თანხა შევიდა, თუმცა ხარჯვითი გეგმა სრულად ვერ შესრულდა. იანვარ-ივნისში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა გეგმას 430 მლნ ლარით გადააჭარბა, საგადასახადო შემოსავლების გეგმა კი 101.3%-ით შესრულდა. ამავე პერიოდში 2025 წლის პირველ ნახევართან შედარებით 24.3 მლნ ლარით გაიზარდა სამართალდარღვევების გამო გადახდილი ჯარიმების მოცულობა, ხოლო გრძელვადიანი საინვესტიციო შეღავათიანი უცხოური კრედიტების გეგმა მხოლოდ 75%-ით შესრულდა.
ბიუჯეტის გადასახდელების 6 თვის გეგმა 92%-ით შესრულდა – სულ 14.1 მლრდ ლარი დაიხარჯა. ყველაზე მაღალი შესრულება სოციალურ უზრუნველყოფაში დაფიქსირდა – 99.2%, ყველაზე დაბალი კი ადგილობრივ თვითმმართველობებზე გასაცემ გრანტებში – 53.9%. ამასთან, შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურებაზე 333 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც 2021 წელთან შედარებით ორჯერ მეტია. კაპიტალური ხარჯების გეგმა 72%-ით შესრულდა, ხოლო მათზე გაწეული ხარჯი 2025 წლის პირველ ნახევართან შედარებით 47%-ით შემცირდა.
ჩამორჩენა განსაკუთრებით თვალსაჩინოა ცალკეულ უწყებებსა და პროგრამებში. ცხრა სახელმწიფო უწყებამ 6 თვის გეგმის 75%-ზე ნაკლები აითვისა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, 50.5%, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჰქონდა. ამასთან, 18 პროგრამის შესრულება 60%-ზე ნაკლები იყო, მათგან ოთხზე კი წლის პირველ ნახევარში თანხა საერთოდ არ დახარჯულა.
დაბალი შესრულება რამდენიმე მსხვილ და სტრატეგიულ პროექტშიც დაფიქსირდა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაზე 6 თვეში გამოყოფილი 1.6 მლნ ლარიდან მხოლოდ 313 ათასი ლარი დაიხარჯა. თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების პროგრამაზე 245 მლნ ლარიდან 131 მლნ დაიხარჯა, სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციასა და აღჭურვაზე – 34.4 მლნ ლარიდან დაახლოებით 4 მლნ, აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამაზე – 27 მლნ ლარიდან 9.4 მლნ, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე – 18 მლნ ლარიდან 2.2 მლნ.
ბიუჯეტის შემოსულობები[1]
2025 წლის დეკემბერში, საქართველოს მთავრობამ 2026 წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაგეგმა. თუმცა, ივლისში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.3%-მდე გაზარდა. ეს განაპირობა იმან, რომ საქსტატის მონაცემებით, იანვარ-ივნისში, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 7.9%-ით გაიზარდა.
ვინაიდან ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა, წლის პირველ ნახევარში სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი შემოსულობები შევიდა. კერძოდ, შემოსულობების 6 თვის გეგმა 15,132 მლნ ლარი იყო, ფაქტობრივად კი ბიუჯეტში 2.8%-ით (430 მლნ ლარით) მეტი, 15,562 მლნ ლარი შევიდა.
ცალკე აღებული საგადასახადო შემოსავლების გეგმა 101.3%-ით შესრულდა. მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის და ინფლაციის გამო, ბიუჯეტში დაგეგმილზე 149 მლნ ლარით მეტი გადასახადი შევიდა.
გრანტების 6 თვის გეგმა 90%-ით შესრულდა. კერძოდ, ბიუჯეტში დაგეგმილზე 19 მლნ ლარით ნაკლები გრანტი შევიდა და სულ 171 მლნ ლარი შეადგინა. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში არ არის განმარტებული დანაკლისი უცხოურ გრანტებშია, თუ ცენტრალური მთავრობის სსიპ-ებიდან და ა(ა)იპ-ებიდან მისაღებ გრანტებში.
შემოსულობების გეგმის გადაჭარბებით შესრულებაში ყველაზე დიდი წვლილი სხვა შემოსავლების გეგმის 126%-ით შესრულებამ შეიტანა, ბიუჯეტში დაგეგმილზე 232 მლნ ლარით მეტი შევიდა. სხვა შემოსავლები სახელმწიფო საკუთრებიდან მისაღებ დივიდენდს, რენტას, ადმინისტრაციულ მოსაკრებლებს, ჯარიმებს და ტრანსფერებს მოიცავს. ყველაზე მაღალი გადაჭარბება დივიდენდებშია – 122 მლნ ლარი, რაც ეროვნული ბანკისგან მიღებული შემოსავლითაა განპირობებული.
6 თვეში, ჯარიმებით და საურავებით ბიუჯეტში 128 მლნ ლარი შევიდა, რაც დაგეგმილზე 44 მლნ ლარით მეტია, 2025 წლის 6 თვის მაჩვენებელს კი 54 მლნ ლარით აღემატება. მათ შორის, 24.3 მლნ ლარით არის გაზრდილი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამო გადახდილი ჯარიმების მოცულობა.
არაფინანსური აქტივების კლების, იგივე პრივატიზაციის 6 თვის გეგმა 110%-ით შესრულდა და ბიუჯეტში 103 მლნ ლარის ნაცვლად 113 მლნ ლარი შევიდა.
ფინანსური აქტივების კლების, ანუ წინა წლებში გასესხებული თანხების დაბრუნების 6 თვის გეგმა 98.5%-ით შესრულდა, 203 მლნ ლარის სესხი დაიფარა.
შემოსულობები მოიცავს მთავრობის მიერ ვალის აღებასაც. მთავრობამ წლის პირველ ნახევარში 2,730 მლნ ლარის ვალი აიღო, რაც 6 თვის გეგმის 101.3%-ია. 2,730 მლნ ლარიდან 1,032 მლნ ლარი საშინაო ვალია, ხოლო 1,699 მლნ ლარი საგარეო. საგარეო ვალის უმეტესი წილი – 1,332 მლნ ლარი ევრობონდების რეფინანსირებაა. საშინაო ვალის აღების 6 თვის გეგმა 124%-ით შესრულდა, ხოლო საგარეო ვალის 92.4%-ით. საგარეო ვალის აღებაში ჩამორჩენა გრძელვადიან საინვესტიციო შეღავათიან კრედიტებშია, რომლის გეგმა 75%-ით შესრულდა.




