ვუსამძიმრებ ყველას, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა, – უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ განხორციელებულ მორიგ სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა.
„რუსების მორიგი საჰაერო თავდასხმა ჩვენს ქვეყანაზე. ექვსი რეგიონი მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა. ჩვენი ყველა სამსახური ამჟამად ამ ტერორიზმის შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობს. მიკოლაევში ათობით სახლი დაინგრა და ერთი ადამიანი დაიღუპა. კიევში ათზე მეტი ადამიანი დაშავდა, ორი კი დაიღუპა. შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ხალხი იყოს. ხარკოვში ორი ადამიანი დაშავდა. ლვოვში შემთხვევის ადგილზე მაშველები იმყოფებიან“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დედაქალაქში კომუნიკაციების ნაწილი დაზიანდა. უკრაინის პრეზიდენტმა ექიმებსა და მაშველებს მადლობა გადაუხადა.
„ვუსამძიმრებ ყველას, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა. ჩვენ რუსეთს აუცილებლად ვუპასუხებთ. ტერორისტები თავიანთი ქმედებებისთვის პასუხს ყოველთვის აგებენ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
7 თებერვალს, დილით, რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. რუსეთის თავდასხმების სამიზნეს კიევის, დნიპროპეტროვსკის, ლვოვის, მიკოლაევისა და ხარკოვის ოლქები წარმოადგენდა. ბოლო მონაცემებით, რუსების თავდასხმების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა