„აგვისტოს მოსვლა შეგვძულდა“ – რატომ იწვის კახეთის მიწა ყოველი მოსავლის აღების შემდეგ?

„აქედან რომ გახედო, მთელი ველი გაშავებულია, ღამით კი, ცეცხლისგან ცა სულ წითელია ხოლმე. ყველაფერს ჭვარტლი ადევს და გამურულია“, – გვიყვება სოფელ ძველ ანაგაში მცხოვრები მაია ჯალიაშვილი.სოფლებში, სადამდეც ყანებში გაჩენილი ცეცხლის გამო ნამწვავი აღწევს, მთელი აგვისტოს განმავლობაში, მოსახლეობას უწევს ყველაფრის წმენდა – ახლად გარეცხილი სარეცხი თავიდან გასარეცხია, ისედაც უწყლო სოფლებში, ბავშვებისთვის ძლივს ავსებული ავზები დასაცლელია.ყველაფერი ნამწვითაა სავსე, ყველაფერს ჭვარტლის თხელი ფენა ადევს:„ისე დაგვღალა ამ ყველაფერმა, აგვისტოს მოსვლა შეგვძულდა… ეკოლოგიურ ზიანზე რომ აღარაფერი ვთქვათ“.
ცეცხლმოდებული ნამჯა კახეთში
უკვე მომკილი ყანის გადაწვის პრაქტიკა ამ მხარეში წლებია არსებობს. მიწას იმიტომ წვავენ, რომ მერე ეს ადგილი ადვილად მოხნან. ფერმერების აზრით, ნარჩენებზე ცეცხლის წაკიდება უფრო ადვილი და იაფია, ვიდრე სრული ტექნოლოგიური პროცესის დაცვა.ყოველ წელს ხალხის ნაწილი ამას აპროტესტებს, თუმცა არაფერი იცვლება – სოციალური ქსელით ვრცელდება ფოტოები, ვიდეოები, თუმცა ზაფხულის ბოლოს ეს ველები ისევ გადამწვარია.მომდევნო წელს ყველაფერი წრეზე მიდის.„ასე თუ გაგრძელდა წლების განმავლობაში, აქაურობა უდაბნოდ იქცევა. რაღაცნაირად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი“, – გვეუბნება ავთანდილ გოჩაშვილი, სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაღაროს მკვიდრი, თავადაც ფერმერი, ზეთისხილის ბაღების მფლობელი, რომელმაც გადამწვარ ველზე უკვე არაერთი ვიდეო ჩაწერა და გაავრცელა, სადაც ყველას სთხოვს, არ დაწვან ნამჯა, – „ეს მხოლოდ ჩემი პრობლემა არ არის, ყველას შეგვეხება“.
ასე გამოიყურება ხოლმე ცეცხლმოკიდებული ველი კახეთში მოსავლის მერე
ავთანდილი იხსენებს, რომ გასულ წელს, მომკილ ტერიტორიაზე განგებ გაჩენილმა ცეცხლმა, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზეც გავრცელდა, ზოგს ვენახი დაუწვა, ზოგს მოსამკელი ყანა, ზოგსაც ბაღი. ცეცხლის შეჩერება, თუ ნიავიც ამოვარდა, შეუძლებელი ხდება ხოლმე, განსაკუთრებით, ღამით.არადა, ამ მიწებზე ხანძარი სწორედ შებინდებისას ჩნდება.„დაბნელდება, გამოვა რომელიმე ფერმერი, თავის ბაღში გაჩენს ცეცხლს და გაიქცევა. დაინახავს მეორე – ისიც იმავეს აკეთებს და მერე მთელი ღამე იწვის ველი. ისიც არ გამიგია, ამისთვის ვინმესთვის რამე პასუხი მოეთხოვოთ. ასე გრძელდება ინერციით… სერიოზული სამუშაოა გასატარებელი ფერმერებთან. ასე თუ გაგრძელდა, ასობით ჰექტარი მიწა განადგურდება. ახალ თაობას მაინც ავუხსნათ და ვასწავლოთ ეს სკოლაში“.
ამ ამბავზე დიდი მსჯელობაა ფეისბუკზე, კახეთის ჯგუფებშიც.ზოგი „დამნაშავის“ პოვნას და დაჯარიმებას მოითხოვს, ზოგი ერთმანეთს მოუწოდებს არ გადაწვან ყანები, ზოგი ამ პრაქტიკას ახსნას უძებნის:„მე ვარ ქიზიყელი და თავად მაქვს 12 ჰექტარი ნაკვეთი… რამოდენიმე წლის განმავლობაში ჰექტარზე დამატებით 70 ლარს ვუხდიდი კომბაინს, რომ ე.წ. “ჩოფერი” ანუ ჩამკუწი ჩაერთო მოსავლის აღებისას და ნამჯა ჩაეკუწა, მაგრამ ჩემი ნაკვეთი მაინც იწვებოდა და იმ თანხას ჰაერზე ვყრიდი…. დავიღალე და შევეშვი“, – წერს ერთი ადგილობრივი.“გარემოს დაცვამ სწორედ ამ პერიოდში სათანადო გრაფიკით უნდა დააწესოს 24 საათიანი მორიგეობა მინდორში, დააფიქსიროს დამნაშავეები და გადასცეს პოლიციას! ერთი- ორი ადამიანი რომ დაჯარიმდება (როგორც ვიცი, ჯარიმა დიდი თანხაა!), სხვები ვეღარ გაბედავენ, ვეღარ გადაწვავენ აღებულ ყანებსა და ქარსაფრებს” – წერს მეორე.“ცეცხლს ძირითად შემთხვევაში აჩენს მეპატრონე, ჯარიმას იშვიათად წერს გარემოს დაცვა და ისიც მიზერულია, მეპატრონე ხარჯებს იმცირებს ზედმეტი სამუშაოებისგან და მარტივად ასუფთავებს დაწვით, გარემო რომ დაზიანდა და ამდენმა მოსახლეობამ ისუნთქა დამწვარი ნავლი მერე რაა, შეგნება ნულია, პასუხისმგებლობა არავის, საოცრებათა ქვეყანაში ვცხოვრობთ”, – შენიშნავს მესამე.გარემოს დამცველმა, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის ხელმძღვანელმა ამირან კოდიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი უცოდინარობა.„თითქმის ყველა ფერმერმა იცის, რომ გადაწვა გარკვეულწილად აზიანებს ნიადაგის ჰუმუსოვან (ნაყოფიერ) ფენას. მაგრამ ამავე დროს, ის ფიქრობს (და ნაწილობრივ, ამაში მართალია), რომ ამ გადაწვით რაღაც პრობლემებიც გვარდება. მაგალითად, იხოცება ზოგიერთი მავნებელი მწერი (ბზუალა). ეს მიაჩნიათ პრევენციად.თუმცა, ფერმერების უმეტესობას არ ესმის, რომ ზიანი, რომელიც ამ გადაწვას მოჰყვება, ბევრად მეტია, ვიდრე მიღებული სარგებელი. ამბობენ, აი, ვიღაცამ არ გადაწვა და ვერც მოსავალი მიიღო, ჩემს გადამწვარ ნაკვეთში კი რა კარგი მოსავალი მოვიდაო… საქმე ის არის, რომ ვინც მიწა არ გადაწვა, არც მან დაიცვა ტექნოლოგიური პროცესი სრულად, რადგან ეს ძვირია და პროდუქტიც უძვირდება“, – განმარტავს ამირან კოდიაშვილი.თუმცა, როგორც გარემოს დამცველი აღნიშნავს, ცოტა ფერმერი ფიქრობს იმაზე, რომ ეს პროცესი, 20-30 წლის შემდეგ ამ მიწების უნაყოფობას გამოიწვევს, რასაც აღარაფერი ეშველება, რადგან აღდგენას ორასი წელი სჭირდება.
დედოფლისწყარო, ცეცხლი უკიდია ნამჯას მოსავლის აღების შემდეგ. კადრი ამოღებულია თეიმურაზ პოპიაშვილის მიერ სოციალურ ქსლეში გავრცელებული ვიდეოდან
რა შეიძლება იყოს ასეთ დროს გამოსავალი? ვკითხეთ მას.ამირან კოდიაშვილის აზრით, რადგან ხორბალი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროდუქტია, შესაძლოა, სწორედ მემარცვლეები უნდა იყვნენ ის ფერმერები, ვისაც სახელმწიფოსგან მეტი ხელშეწყობა და დოტაციაც კი უნდა ჰქონდეთ.„მესმის, არც დოტაციის საკითხია მარტივად გადასაწყვეტი და შესაძლოა, მერე ეს სხვებმაც მოითხოვონ. ამიტომ ვამბობ, რომ ეს კომპლექსური პრობლემაა, ამიტომ ვერ მოგვარდა ის ათწლეულები. ისიც ფაქტია, ვერც მკაცრმა კანონმა იმუშავა. ფერმერებიც სტრატეგიულად მოქმედებენ, ერთად იწყებენ გადაწვას იმ იმედით, რომ ყველას ერთად ვერ დააჯარიმებენ. თუმცა, მეორე მხრივ, ეგ ჯარიმები რომ აამოქმედონ, შესაძლოა, ფერმერებს იმხელა ზარალი მიადგეთ, რომ მომავალ წელს საერთოდ ვერ დათესონ ვერაფერი. არც ეგ არის გამოსავალი“.და მეორე: ფერმერების უმეტესობამ უნდა დაინახოს და დარწმუნდეს იმაში, რომ გადაწვის, განადგურების გარეშე, გარკვეული ტექნოლოგიური ციკლის დაცვის პირობებშიც შესაძლებელია კონკურენტუნარიანი მარცვლეულის მოყვანა და მსგავსი საპილოტე პროექტი ამირან კოდიაშვილის აზრით, სახელმწიფომ უნდა გააკეთოს. სხვანაირად, მისი აზრით, ეს პრობლემა, ვერ მოგვარდება და ამ საკითხს ვერც ტოტალური ჯარიმები გადაწყვეტს.2021 წელს, მაშინდელ მთავრობას საოჯახო მეურნეობებისა და მეწარმეების ერთმა ჯგუფმა ხანძრების წინააღმდეგ ინიციატივითაც მიმართა. ისინი წერდნენ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე მუხლი, რომელიც ნარჩენის გადაწვის შემთხვევაში, ამის ჩამდენს სამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებდა, „მკვდარი ნორმა“ იყო, ის არ მუშაობდა და 2019-2021 წლებში, საპატრულო პოლიციას (ვინც პასუხისმგებელია მსგავსი დარღვევების გამოვლენაზე) არც ერთი ოქმი არ შეუდგენია (მსგავსი ფაქტების შესახებ სტატისტიკა ღია წყაროებში არც ახლა იძებნება და ვინმეს დაჯარიმების ან გაფრთხილების შესახებაც სოფლებში არ სმენიათ).
ხელმომწერები მაშინ მთავრობას სთხოვდნენ, რომ საპატრულო პოლიციას დაჯარიმებამდე გამოეწერა ე.წ. გამაფრთხილებელი აქტები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია მოეწყო, რომ როგორმე ეს პრობლემა გადაჭრილიყო.მიმართვის ავტორები ცდილობდნენ გადაწყვეტის შედეგების მასშტაბის სურათიც ეჩვენებინათ და წერდნენ:„სასოფლო-სამეურნეო მიწების გადაწვა ითვლება ტყის დიდი ხანძრების გამომწვევ ძირითად მიზეზად. მოსავლის აღების შემდეგ განზრახ ცეცხლი წაკიდება იწვევს უკონტროლო წვის პროცესს, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ზიანს აყენებს გარემოს… ხანძრები ხშირად გადადის ტყეებში, ანადგურებს ქარსაცავებს, ხეხილის ბაღებს, ვენახებსა და ერთწლიან კულტურებს. მისი ლოკალიზაციის შემთხვევაშიც კი, იწვება ნიადაგი, ხდება მისი გამოფიტვა, რამაც, მოსავლიანობის კლებასთან ერთად, შეიძლება, გამოიწვიოს ნიადაგის ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზია და შეუქცევადი ეკოლოგიური პრობლემები. საფრთხე ექმნება აგრო და ბიო-მრავალფეროვნებას და მდიდარ გენეტიკურ რესურსებს“…
რეზო გეთიაშვილი
თუმცა, ამას შედეგი არ მოჰყოლია.მაშინ, ამ მიმართვის ხელმომწერთა შორის იყო რეზო გეთიაშვილიც, კავკასიის გარემოსდაცვითი ქსელის პროექტების კოორდინატორი. მისი შეფასებით, რაც დღესაც ხდება ალაზნისა თუ შირაქის ველებზე – ეს ეკოციდია:„ყველაფერი ძალიან მარტივია – რომ უნდოდეს დღეს სახელმწიფოს ამ საკითხის მოგვარება, ის ამ საკითხს მოაგვარებდა. ჩვენი რეკომენდაციაც ეს იყო, რომ საინფორმაციო კამპანია ეწარმოებინა, გაეფრთხილებინა ადამიანები და ასე დაგვეტესტა რა მოჰყვებოდა ამას“, – იხსენებს რეზო, – მაგრამ ფაქტია, არაფერი შეცვლილა. არც გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტს აქვს ზემოქმედების ძლიერი ბერკეტები“.
ხანძარი დედოფლისწყაროში, 2019 წლის წლის საარქივო ფოტო
რეზო გეთიაშვილის აზრით, დღეს, ყველამ იცის, რომ ეს არის დანაშაული, რომელიც შეიძლება ჩაიდინო და პასუხი არ აგო. მისი აზრით, უნდა შეიქმნას პრეცედენტი მაინც, რომ დანაშაულის ჩამდენი გააფრთხილეს მაინც:„არ ვამბობ, რომ ახალი ტვირთი უნდა გავუჩინოთ ჩვენს ისედაც გაღარიბებულ ფერმერებს და იძულებული გავხადოთ სულ მიატოვონ ეს საქმე, მაგრამ მეორე მხრივ, რეალურად, ჩვენ მათ უფლებებს დავიცავთ ამ გაფრთხილებით – პირველ რიგში იმ ფერმერების, ვინც მიხვდნენ, რომ მიწის დაწვა და ნიადაგის განადგურება მათთვის საზიანოა, მაგრამ მეზობლები ვერ მიხვდნენ და ისინი უწვავენ მიწებს. და ასევე, ის ადამიანებიც, ვინც ამ მახინჯ ტრადიციას მიჰყვება, თავადაც მსხვერპლები არიან საკუთარი საქციელის“, – უთხრა რეზო გეთიაშვილმა რადიო თავისუფლებას.დავინტერესდით, რა მიაჩნია ამ პრობლემის გადაჭრის გზად გარემოს დაცვის სამინისტროს და რას აკეთებს ამისთვის, ან საერთოდ, რა პოზიცია აქვს ყოველ აგვისტოს დასაწყისში განვითარებულ ერთსა და იმავე ამბავზე ალაზნისა და შირაქის ველებზე, თუმცა მათგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.