კიდევ ერთხელ შევამოწმებთ ტერიტორიას, საიდანაც მოწმეთა ჩვენებით, დადიანიძის კვალი გაქრა – შსს

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, კიდევ ერთხელ შეამოწმებენ იმ ტერიტორიას, სადაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, 2014 წელს გურამ დადიანიძის კვალი გაქრა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების თანამშრომლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, დღეიდან კიდევ ერთხელ შეამოწმებენ ტერიტორიას, საიდანაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, 2014 წლის 11 ივნისს დილის 04:00 საათზე გურამ დადიანიძის კვალი გაქრა.

სამძებრო ღონისძიებაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, რომლებიც ადგილზე შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით იმუშავებენ.

გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება გამოძიება.” – ნათქვამია უწყების კომენტარში.

ცნობისთვის, დღეს, შსს-მ ვრცელი განცხადება გაავრცელა 2014 წელს დუშეთში, ლომისობის დღეს გაუჩინარებული ახალგაზრდის, გურამ დადიანიძის საქმეზე. უწყების განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში 20-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.

შსს-ს წერს, რომ  საქმეში რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა, ასევე, არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც დაადასტურებდა დადიანიძესთან წარსულში არსებულ შურისძიების მოტივს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური: წინა ხელისუფლებისთვის ომის დაწყების დაბრალება ძალიან დიდი ტვირთია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. სააკაშვილს კი არა, საკუთარ ქვეყანას აბრალებენ ომის დაწყებას (ვიდეო)