ბევრი რეისია, თვითმფრინავები სავსეა – რუსი ტუროპერატორები საქართველოზე

რუსი ტუროპერატორების თქმით, რუსეთში ტურისტებისთვის ზამთრის სეზონზე მოგზაურობისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებად საქართველო მიიჩნევა.
პორტალ TourDom.ru-ს ცნობით, ტურისტებს შორის საქართველოს პოპულარობა 200%-ით გაიზარდა, ხოლო Pink Elephant-ის ქსელის ხელმძღვანელის ალექსან მკრტჩიანის თქმით, “გაყიდვები ათასჯერ გაიზარდა”. მიზეზი თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყებაა, რომლებიც სრულდება არა მხოლოდ სოჭიდან და მოსკოვიდან, არამედ სხვა რეგიონებიდანაც.
“ბევრი ფრენაა, თვითმფრინავები სავსეა”. – ამბობენ რუსეთში ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები.
“ყველაზე ხშირად ირჩევენ 8-დღიან ტურებს, ღირებულება ფრენის გარეშე 500 დოლარიდან იწყება. ამაში შედის სასტუმროში განთავსება საუზმით, ღვინის დეგუსტაცია, შესანიშნავი ქართული ვახშამი”. – ამბობს ტურისტული კომპანია GavaziTravel-ის მფლობელი რამაზ ბეროშვილი.
ამასთან, როგორც ბეროშვილმა დაამატა, “თბილისში მშვიდი გარემოა”, “ტურისტებს აბსოლუტურად არაფრის უნდა ეშინოდეთ, პატივისცემა ყოველთვის იყო და არის – ასე ფიქრობს ქართველების 90% მაინც”.
რუსი ტუროპერატორების თქმით, მიუხედავად წინასაახალწლო პერიოდში გაზრდილი მოთხოვნისა, თბილისის სასტუმროებში ხელმისაწვდომი ნომრების პრობლემა არ არის.