იაგო ხვიჩია: პროკურატურის მიერ გია ბარამიძის მიმართ დაწყებულ საქმეს მინდა გამოვეხმაურო, რომელიც დაიწყო ჩემ საავტორო გადაცემა “საქართველოს დაბადებაში” გია ბარამიძის მიერ გამოთქმული მოსაზრების გამო

იაგო ხვიჩია:
პროკურატურის მიერ გია ბარამიძის მიმართ დაწყებულ საქმეს მინდა გამოვეხმაურო, რომელიც დაიწყო ჩემ საავტორო გადაცემა “საქართველოს დაბადებაში” გია ბარამიძის მიერ გამოთქმული მოსაზრების გამო.
საქმის აღძვრა ეფექტურად გამოიყენა აფხაზურმა მხარემ, თქვა რომ ეს საქმე ბარამიძის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულია.
ციტატა:
“აშკარაა, რომ ეს სისხლისსამართლებრივი დევნა მიზნად ისახავს გაფრთხილებად იქცეს ყველასთვის, ვინც მზად არის ღიად ისაუბროს საქართველოს შეიარაღებულ აგრესიასა და მის დროს ჩადენილ დანაშაულებზე.”
ანუ გია ბარამიძის ნათქვამი კი არ გამოიყენეს აფხაზებმა, არამედ ის რეაგირება რაც საქართველოს პროკურატურამ გააკეთა ამაზე.
აფხაზები ერთ რამეში არიან მართლები, ეს საქმე მართლა პოლიტიკურად მოტივირებულია, ოღინდ არა იმ მოტივით, რასაც აფხაზები აცხადებენ.
(მათი განცხადების მორალი ასეთია: ბარამიძემ მართალი თქვა და ქართულ მხარეს სიმართლის მოსმენა არ უნდა).
ჩემ გადაცემაში ისეთი შემზარავი ისტორიები თქმულა ქართველების მიერ ერთმანეთის ხოცვის შესახებ, ბრძოლის დროს მოწინააღმდეგის ტყვე ჯარისკაცის მოკვლა საერთოდ რა მოსატანია, მაგრამ ეს არ ყოფილა აქამდე პროკურატურის ინტერესის საგანი.
ბარამიძის განცხადება კი გახდა. ეს იციან აფხაზებმაც და ამიტომ გააკეთეს ის განცხადება რაც გააკეთეს.
მთავრობამაც ძალიან კარგად იცის, რომ გია ბარამიძემ არასწორი რაღაც თქვა, პრინციპში ამას თავადაც უკვე ნაკლებად უარყოფს, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ეს ამბავი პოლიტიკურ ველზე დარჩენილიყო, სადაც არის კიდევაც მისი ადგილი, ქართული ოცნება პროკურატურის გამოყენებით ცდილობს პოლიტიკური მოწინააღმდეგის (ნაცის) გაშავებას და ამ საქმის სისხლის სამართლის სფეროში გადაყვანას, ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკური არგუმენტებით დაუპირისპირდეს.
ჩვენი უახლესი ისტორია ია – ვარდებით მოფენილი არ ყოფილა და ყველასათვის გასაგებია, რომ იქ ბევრი საჩოოთირო მომენტია, რომელიც არ გარჩეულა და დასკვნები არ გამოგვიტანია, ამიტომ მასზე საუბრის აკრძალვის ან შეზღუდვის ნაცვლად მასზე ბევრი და ბევრნაირად უნდა ვილაპარაკოთ და მერე გამოვიტანოთ დასკვნები, რათა ჭკუა ვისწავლოთ და იგივე შეცდომები არ გავიმეოროთ.
P.S გია ბარამიძემ მოიტყუა, ცოტა გადააჭარბა თუ სიმართლე თქვა, ასევე ჩემ პოზიციას ამაზე ვრცლად გაიგებთ “საქართველოს დაბადების” სპეციალური გადაცემიდან “აფხაზეთის ომის ისტორია” – პაატა ზაქარეიშვილისაგან, რომელიც დაიდება სამშაბათს 22:00 სთ ზე, “საქართველოს დაბადების” youtube გვერდზე.