რატომ არ უყვარს ბავშვს ფოტოების გადაღება? – 5 ყველაზე გავრცელებული მიზეზი და სწორი გამოსავალი

ბევრი მშობლისთვის ნაცნობია სიტუაცია, როდესაც ბავშვი კამერის დანახვისთანავე სახეს მალავს, გარბის ან კატეგორიულად ამბობს: „არ მინდა ფოტო“. ასეთ დროს ხშირად იწყება თხოვნა, დაპირებები, გაბრაზება, თუმცა ეს, როგორც წესი, შედეგს არ იძლევა.

ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ფოტოს გადაღებაზე უარი უმეტეს შემთხვევაში ჭირვეულობა კი არა, გარკვეული დისკომფორტის გამოხატულებაა. თუ გავიგებთ, რა უშლის ბავშვს ხელს, პრობლემა გაცილებით მარტივად გადაიჭრება.

1. ფოტოს გადაღება მისთვის უბრალოდ მოსაწყენია

ბავშვებს დიდხანს ერთ ადგილზე დგომა და „გაუღიმე კამერას“ ტიპის მითითებები სწრაფად ბეზრდებათ. მათთვის ფოტოსესია ბევრად საინტერესო ხდება, თუ თამაშია.

შეგიძლიათ სთხოვოთ, წარმოიდგინოს, რომ მისი საყვარელი ზღაპრის ან მულტფილმის გმირია. ჰკითხეთ, როგორ დადის, როგორ იცინის ან როგორ ლაპარაკობს ეს პერსონაჟი. ასეთ დროს ბავშვი კამერაზე აღარ ფიქრობს და ბუნებრივად იქცევა.

ასევე ძალიან ეხმარება საყვარელი სათამაშო — დათუნია, მანქანა, თოჯინა ან ნებისმიერი ნივთი, რომელთანაც თავს უსაფრთხოდ გრძნობს. ასეთი ფოტოები, როგორც წესი, გაცილებით ცოცხალი და ემოციურია.

2. კამერის წინ თავს უხერხულად გრძნობს

ზოგი ბავშვი უცნობი ფოტოგრაფის ან თუნდაც მშობლის ტელეფონის დანახვისას იძაბება. როდესაც გრძნობს, რომ ყველა მას უყურებს, ბუნებრივად იკეტება.

ასეთ დროს უმჯობესია, პირდაპირ კამერაში ყურება არ მოსთხოვოთ. მაგალითად, სთხოვეთ, ჯერ ზურგით დადგეს, შემდეგ კი თქვენი ხმის გაგონებისას შემობრუნდეს. ასე თავად აკონტროლებს, როდის აღმოჩნდება კადრში.

კარგი იდეაა, სახლში ბავშვის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ფოტო ჩარჩოში ჩასვათ. როდესაც საკუთარ თავს ბედნიერსა და ლამაზს ხშირად ხედავს, ნელ-ნელა უყალიბდება პოზიტიური დამოკიდებულება საკუთარი ფოტოების მიმართ და კამერის შიშიც მცირდება.

3. საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილოა

დაახლოებით 4–5 წლიდან ბავშვები უკვე ყურადღებას აქცევენ საკუთარ გარეგნობას. შეიძლება არ მოსწონდეთ ვარცხნილობა, მაისური, კაბა ან კონკრეტული ფერი.

თუ ამბობს: „ასე არ მომწონს“ ან კამერის დანახვისას სახეს აბრუნებს, სასურველია, არჩევანის უფლება მისცეთ.

ჰკითხეთ:

  • რომელი მაისურის ჩაცმა უნდა;
  • რომელი ფერი მოსწონს;
  • უნდა თუ არა საყვარელი ქუდის, ბენდენის ან სხვა აქსესუარის დამატება.

როდესაც ბავშვი თავად იღებს გადაწყვეტილებას, უფრო თავდაჯერებული ხდება და ფოტოს გადაღებაც ნაკლებ სტრესს იწვევს.

4. არ მოსწონს, როცა აიძულებენ

სამი-ოთხი წლის ასაკიდან ბავშვები საკუთარი საზღვრების დაცვას იწყებენ. ამიტომ „არა“ ხშირად უბრალოდ მათი დამოუკიდებლობის გამოხატულებაა და არა ცუდი ხასიათი.

თუ კატეგორიულად უარს ამბობს, უმჯობესია მშვიდად უპასუხოთ:

„კარგი, დღეს აღარ გადავიღებთ.“

როდესაც ბავშვი ხვდება, რომ მასზე ზეწოლა არ ხდება, ხშირად ცოტა ხანში თავად იჩენს სურვილს, ფოტო გადაიღოს.

ასევე დაეხმარება არჩევანის მიცემა:

  • საქანელაზე გადავიღოთ თუ სასრიალოსთან?
  • სამი ფოტო გადავიღოთ თუ ხუთი?

ასეთი მცირე გადაწყვეტილებებიც კი ბავშვს აგრძნობინებს, რომ პროცესს თავად აკონტროლებს.

5. საკუთარი ფოტოები არ მოსწონს

თუ ყოველი გადაღების შემდეგ ბავშვს აჩვენებთ ისეთ კადრებს, სადაც უცნაური მიმიკა ან არახელსაყრელი პოზა აქვს, შეიძლება ფოტოების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს.

ამის თავიდან ასაცილებლად:

  • ჯერ თავად შეარჩიეთ საუკეთესო ფოტოები;
  • მხოლოდ წარმატებული კადრები აჩვენეთ;
  • შეაქეთ და ერთად ისაუბრეთ, რა მოსწონს ამ ფოტოებში.

ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს განათებას. საუკეთესო ფოტოები მიიღება დილის ან მზის ჩასვლის წინა საათებში, როცა სინათლე რბილია და სახის ნაკვთებს ბუნებრივად წარმოაჩენს.

თუ სახლში იღებთ, ბავშვის ფანჯარასთან დადგომა საუკეთესო გამოსავალია. მოღრუბლული ამინდიც კი ხშირად იდეალურ განათებას ქმნის.

როგორ შევაყვაროთ ბავშვს ფოტოების გადაღება

ყველაზე მნიშვნელოვანი წესია, ფოტოსესია ბავშვისთვის სასიამოვნო გამოცდილებად იქცეს და არა ვალდებულებად.

ამისთვის:

  • ფოტოები მხოლოდ მაშინ გადაიღეთ, როცა ბავშვი დასვენებულია, ნაჭამია და კარგ ხასიათზეა;
  • მიეცით არჩევანის უფლება — სად, როდის და რამდენი ფოტო გადაიღოს;
  • ნუ მოსთხოვთ ხელოვნურ ღიმილს — ბუნებრივი ემოციები ყოველთვის უფრო ლამაზია;
  • გადაღების შემდეგ წარმატებული ფოტოები ერთად დაათვალიერეთ და შეაქეთ;
  • სჯობს მოკლე, სასიამოვნო ფოტოსესია, ვიდრე ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ბავშვს დაღლის.

როდესაც ბავშვი გრძნობს, რომ მისი სურვილები მნიშვნელოვანია და ფოტოს გადაღება თამაშის ნაწილია, კამერის მიმართ შიშიც თანდათან ქრება და კადრებიც ბევრად ბუნებრივი და ემოციური გამოდის.

წყარო