”თქვენ მიხედეთ პოეტ ჯ. ჩარკვიანს, ტაო-კლარჯეთის შემოერთებას ითხოვს წამქეზებლურია, ხოლო ქართველები ხელს აფარებენ”

პუბლიცისტი, პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის შვილი თაკო ჩარკვიანი:
ჯანსუღის პოემა “რწმენის კედელი” – პოემა 1969 წელს არის დაწერილი და დაბეჭდილი (ვრცელია და პატარა ნაწყვეტს გთავაზობთ) გარეთ გაგანია კომუნისტური წყობაა 1969 წელი, ფოთოლიც კი არ შრიალებს თავისუფლების, სწორედ ამ პოემას მოჰყვა 70-იან წლებში ვინმე გივი კარბელაშვილის უმძიმესი შავრაზმული წერილი გაგზავნილი საჩივრის სახით მოსკოვში, თავად აწერდა ხელს, ანონიმური არ იყო წერილი, ასეთი შინაარსის იყო: ”თქვენ მიხედეთ პოეტ ჯ. ჩარკვიანს, ტაო-კლარჯეთის შემოერთებას ითხოვს წამქეზებლურია, ხოლო ქართველები ხელს აფარებენო”, მაშინ ძალიან ივაჟკაცა მოსკოვში მოღვაწე მსახიობმა არჩილ გომიაშვილმა, ძალიან მაგრა დაუდგა ჯანსუღს და ძალიან ცნობილი მსახიობი, რუსეთის სახალხო არტისტი მიხეილ ულიანოვი დაიხმარა, რომ წერილისთვის მსვლელობა არ მიეცათ (ხოლო წერილის არსებობის შესახებ პირველმა შეიტყო, ასევე მოსკოვში მოღვაწე ჯანსუღის მეგობარმა რეზო ჭიჭინაძემ, მსახიობ დოდო ჭიჭინაძის ძმა და თავად კარგი ვაჟკაცი და ჯანუკის ძმაკაცი), რომელმაც სასწრაფოდ შეატყობინა ჯანსუღს ამ ბინძური “დანოსის”- საჩივარი – წერილის შესახებ.
ასეთია ამ პოემის ისტორია. პატარა ნაწყვეტს გთავაზობთ აქვე, პოემის ერთ-ერთ იმ მონაკვეთს, რომლის გამოც გაიგზავნა ბინძური დასმენა -“დანოსი”, გივი კარბელაშვილის მიერ პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის მიმართ …
ვინც არ იცის- გივი კარბელაშვილი, მრავალი წლის მანძილზე კომუნისტების დროს გახლდათ გაზეთ “სამშობლოს” რედაქტორი (ემიგრანტებისთვის გამოდიოდა მაშინ ეს გაზეთი), ჰოდა, ალბათ ხვდებით, რომ კომუნისტების დროს ამ “ტიპის” გაზეთის რედაქტორი, “გაზეთი”, რომელიც უცხოეთში გადიოდა ემიგრანტებისთვის , მაშინ იმ წლებში ვერ იქნებოდა უშიშროების მსახური რომ არ ყოფილიყო, ცხადია ასეც იყო და ემსახურებოდა კიდეც ფაქტი სახეზეა . ……😊✌️
“კედელი ჩემი რწმენის კედელი,
ბევრის მნახველი და შორს მხედველი,
მკლავს შენზე ფიქრი განუწყვეტელი,
კედელი ჩემი რწმენის კედელი.
მტრის თვალებიდან მოწვეთავს წყევლა,
მაგრამ შენ დგახარ მაინც საჩვენოს,
ვერ შემირყიოს ვერავინ რწმენა
და შენი ძილი ვერ დამაჯეროს.
ვინც დიადია მისი ჯინი აქვთ
და მეც იმედის ფარდა დავუშვი ,
კი ვირჯინია ,კი ვირჯინია
მართლა არსებობს სანტა-კლაუსი.
ნისლში ლამაზი კლდეები არ ჩანს,
ჩვენი კლდეები არწივებს დარჩათ,
ხარირმებსა და შვლის ნუკრებს დარჩათ,
ჩვენი კლდეების დიბა და ფარჩა,
მოდიან ურმით , მანქანით, ფეხით,
მატარებელით, ცხენით მარხილით,
ვაი თუ , ადგეს ქართველი გლეხი
და სოფელს ზურგში ჩასცეს მახვილი,
რომ ჩვენი მტრების გასახარებლად
სახლები იქცნენ ნასახლარებად
ატირებული დასტოვოს ვაზი,
ატირებული დასტოვოს სახლი,
დაჰკარგოს გული გონება აზრი………
. . .
შენ შეგრჩეს შენი მარილი , მადლი,
როცა გებრძვიან წუთებს გითვლიან ,
შენს სიცოცხლეში ,ამ მიწის ადლიც,
სისხლის გარეშე არ დაგითმია,
ამ დიდი მიწის იცოდე ყადრი,
გახსოვდეს, რაიც წაღმა გითქვია,
თორემ შენს სახლ-კარს, ასე დატორილს,
ნუ გეშინია არვინ დატოვებს,
ნუ გეშინია მოვა პატრონი,
გადამთიელი და უპატრონებს.
შენ საჭირო ხარ საჭირო, გესმის?!
შენით იწყება ჩვენი მამული ,
თორემ უშენოდ ვენახის ფესვი ,
არის საპყარი და მოჟამული.
პატრონი უნდა “ვეფხისტყაოსანს”
პატრონი უნდა კლარჯეთს ტაოსაც,
პატრონი უნდა მესხეთ-ჯავახეთს,
მაგრამ თუ სისხლი არ განვაახლეთ
და ყველაფერი ასე დავმარხეთ,
ხომ ყველაფერი დაგვავიწყეს და
ხომ ყველაფერი აგვიტალახეს.
შენ საჭირო ხარ ,საჭირო გესმის?!
შენით იწყება ჩვენი მამული,
თორენ უშენიდ ვენახის ფესვი
არის საპყარი და მოჟამული…….