ელინისტი, მთარგმნელი თათია მთვარელიძე:
აყაყანდნენ აქეთ-იქიდან – აბა რა, თუ დაფინანსება უნდა სტუდენტს, დადგეს და ისწავლოსო. 20 წელია ლექტორი ვარ, თბილისში არსებულ თითქმის ყველა უნივერსიტეტში მისწავლებია და ერთი რამის თქმა შემიძლია: ქართველი სტუდენტების მდგომარეობა ყოველწლიურად მძიმდება – უფრო ნაკლები ახერხებს კარგად სწავლას და ლექციებზე სიარულს. და რა გგონიათ, რა არის ამის მიზეზი? სტუდენტები მუშაობენ და ასრულებენ ძალიან მძიმე სამუშაოს. Არცერთ წესიერ ქვეყანაში 4 საათზე მეტს სტუდენტს არ ამუშავებენ – კანონით იკრძალება. ჩვენთან ეს ახალგაზრდები იძულებული არიან ღამეები ათენონ – ზოგი ქსელურ სუპერმარკეტებში, ზოგი კურიერებად, ზოგი რესტორნებში და რა 4 საათი, ვირივით ამუშავებენ ამ ბავშვებს 500-600 ლარად. არადა, რა უნდა ქნან – უმრავლესობას არ ჰყავთ მდიდარი მშობლები და ქირის გადახდაც თვითონ უწევთ და საჭმელზე ზრუნვაც. ღამენათევი სტუდენტი რომ ვეღარ მოდის დილის 9ზე ლექციაზე, ვერ მეცადინეობს, რა თქმა უნდა ვერ ექნება ის შედეგი, რაც უნდა ჰქონდეს.
არ მავიწყდება, ერთი სტუდენტი გამიხდა ცუდად ლექციაზე – 8 საათი ვიდექი ფეხზე დახლთანო და არაფერი მიჭამიაო. ეს არაა ერთადერთი შემთხვევა – ხშირად ვხვდები ჩემს სტუდენტებს მაღაზიებში მუშაობის პროცესში იმ დროს, როცა უნდა მეცადინეობდნენ. 500-600 ლარის გამო, რაც ვიღაცის შვილისთვის 1 მაისურის თანხაა, ამ ბავშვებისთვის კი საარსებო საშუალება.
ხოდა, რა თქმა უნდა, გვეყოლება ბევრი სტუდენტი, რომლებიც 50% იან დაფინანსებაზე ჩამოვლენ, მერე ან უფრო მეტი ღამის თენება მოუწევთ საფასურის გადასახდელად, ან სწავლისთვის თავის დანებება და აქედან გაქცევა. და რა თქმა უნდა, ესაა მიზანი – ამ ქვეყნის მომავლის განადგურება ფიზიკურად და გონებრივად. საქართველო ქართველების, ახალგაზრდების გარეშე, მხოლოდ მდუმარე და გაუნათლებელი მასით.




