ლევან ყურაშვილი, რომელმაც MMA-ის მებრძოლთან, გივი (გიორგი) ქართველიშვილთან ერთად დააფუძნა ორგანიზაცია, რომლის წევრებიც “სიმწინდეების დასაცავად” საციხო საქმეებისთვისაც კი არიან მზად, თბილისის მერიის სტრუქტურების თანამშრომელია.
ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები დარწმუნებული არიან, რომ ეს ორგანიზაცია “ოცნების” დაკვეთით ან მის მიერ არის შექმნილი ოპონენტების დასაშინებლად. თავად “ოცნება” ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ორგანიზაცია, რომლის იდეებსაც ის იზიარებს, ოღონდ კანონის ფარგლებში, “გაბრაზებულმა მოქალაქეებმა” დააფუძნეს და მათ სტრუქტურული კავშირი არ აქვთ.
ლევან ყურაშვილმა ტვ პირველს დაუდასტურა, რომ ნამდვილად მუშაობს მერიის სტრუქტურებში, რაც შეეხება მის საქმიანობას სამსახურის გარეთ, მისი თქმით, არავის საქმე არაა. ყურაშვილს, ისევე როგორც გივი (გიორგი) ქართველიშვილს ფეისბუკზე “ქართული ოცნების” არაერთ ლიდერთან ერთად გადაღებული ფოტო აქვს გამოქვეყნებული. მათ შორისაა ცოტნე ივანიშვილი. ის აქებს “ქართული ოცნების” კურსს. მათ შორის ფოტო აქვს გამოქვეყნებული “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბიდანაც.




