არმაზ ახვლედიანი – გავერთიანდეთ ყველა, ვინც მზად ვართ, ბოლომდე ვიბრძოლოთ საქართველოს გადასარჩენად შავ-ბნელი რეჟიმისგან

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რეფორმები დემოკრატიისთვის ზურგის შექცევამ გაანულა, ხოლო “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მმართველობას ის “ავანტიურისტულ და დანაშაულებრივ ექსპერიმენტს“ უწოდებს.

ახვლედიანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაში ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ “რეჟიმს” გაუნათლებლობა, გულგრილობა, შიში, დაბეჩავებულობა, მედროვეობა, ოპოზიციის უსუსურობა და კორუფცია ასაზრდოებს.

ახვლედიანის თქმით, „მოჯადოებული წრის“ გარღვევა მხოლოდ იმ ადამიანების გაერთიანებით იქნება შესაძლებელი, რომლებიც ერთგულნი არიან სამართლიანობის, დემოკრატიის, ნორმალურობისა და ეროვნული თანხმობის იდეალების. ამ კონტექსტში ახვლედიანი ილია ჭავჭავაძის სიტყვებსაც ციტირებს.

განცხადებას ახვლედიანი გაერთიანების მოწოდებით ასრულებს.

“რამ გაანულა სააკაშვილის რეფორმები? დემოკრატიისთვის ზურგის შექცევამ.

როგორ ჩაიწერება ისტორიაში ივანიშვილის ავანტიურისტული, დანაშაულებრივი ექსპერიმენტი?

როგორც სააკაშვილის მიერ ზურგშექცეული დემოკრატიის დასამარების აქტი.

რა ასაზრდოებს ამ რეჟიმებს? გაუნათლებლობა, გულგრილობა, შიში, დაბეჩავებულობა, მედროვეობა, ოპოზიციის უსუსურობა, გაუგონარი კორუფცია.

რა გაარღვევდა ამ უბედურ, მოჯადოებულ წრეს?

ისეთი ადამიანების საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთობა, რომლებიც ბოლომდე უერთგულებენ სამართლიანობის, დემოკრატიის, ნორმალურობისა და ეროვნული თანხმობის იდეალებს, რომელთათვისაც ილიას ეს სიტყვები სიცოცხლის უმთავრესი არსია:

“რომ ერისა მოძმედ ვიყო

ჭმუნვასა და სიხარულში;

ერის წყლული მაჩნდეს წყლულად,

მეწოდეს მის ტანჯვით სული,

მის ბედით და უბედობით

დამედაგოს მტკიცე გული…”

გავერთიანდეთ ყველა, ვინც მზად ვართ, ბოლომდე, არა ნახევარსიმართლით, არა ნახევარზომებით, არამედ სრული მიძღვნითა და კეთილგონიერებით, თანმიმდევრულად, თავდაუზოგავად ვიბრძოლოთ საქართველოს გადასარჩენად ამ

შავ-ბნელი რეჟიმისგან! ვიბრძოლოთ მის გადასაქცევად თანამედროვე, წარმატებულ, ევროპულ, სამართლებრივ სახელმწიფოდ!”,- წერს არმაზ ახვლედიანი.