ევროკავშირმა ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სანქციები დაუწესა.
კერძოდ, ყულევს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი შეეხო.
ევროკავშირი წერს, რომ ტრანზაქციების აკრძალვა საქართველოს ქალაქ ყულევში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ საწარმოსთან, რომელიც რუსულ ნავთობს ამუშავებს და ყიდის, ძალაში 6 თვეში შევა.
რამდენიმე თვის წინ ევროკავშირი ყულევის პორტის სანქცირებას გეგმავდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის ფარგლებში. თუმცა, მაშინ ყულევის პორტი სანქციების სიიდან ამოიღეს.
ყულევის პორტი და ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ორი სხვადასხვა სუბიექტია.
ევროკავშირმა განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები იკისრა“. ეს ეწერა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის წერილში, რომელიც მან მაკა ბოჭორიშვილს გაუგზავნა.
„საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ისინი შეწყვეტდნენ ამ რეექსპორტს და ჩვენ ვაგრძელებთ მკაცრ მონიტორინგს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს პრაქტიკაში მართლაც სრულდება“, – განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა, შივონ მაკგარმა „პუბლიკის“ შეკითხვის პასუხად 12 მარტს, ასევე 16 მარტს.
„რადიო თავისუფლების“ წყაროს ინფორმაციით, ეს კონკრეტული ზომა – ექვსთვიანი ვადის დაწესება ევროკავშირმა თავის პრაქტიკაში პირველად მიიღო.
კერძოდ, გამოცემის ინფორმირებული წყაროს განმარტებით, ამის საფუძველი გახდა თბილისის მზაობა, რომ მოთხოვნებს (შე)ასრულებდნენ, რაც პორტის სანქცირების განხილვისას გამოჩნდა.
ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის პერსპექტივიდან, თუკი ექვსი თვის განმავლობაში ქარხნის გარშემო არაფერი შეიცვლება, ანუ რუსული ნავთობის გადამუშავებას განაგრძობს, სანქციები ამოქმედდება; ასევე, ქარხანაზე მომდევნო პაკეტითაც გავრცელდება ტრანზაქციების შეზღუდვები.
ყულევის ნავთობტერმინალი არის ლოგისტიკური ჰაბი, რომლის მთავარი დანიშნულება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიღება, რეზერვუარებში შენახვა და ტანკერებში გადატვირთვაა. ის აზერბაიჯანულ კომპანია SOCAR-ს ეკუთვნის, 2008 წლიდან ფუნქციონირებს და იქ ნედლი ნავთობის ქიმიური გადამუშავება ან საწვავად გარდაქმნა არ ხდება.
ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კი სამრეწველო საწარმოა. ის შპს „ბლექ სი პეტროლიუმის“ პროექტია, ტერმინალის მახლობლად მდებარეობს და მასთან ინფრასტრუქტურულად არის დაკავშირებული ნედლეულის მისაღებად და პროდუქციის ექსპორტზე გასატანად.




