ირაკლი კობახიძემ უკრაინა და მოლდოვა „დიფ-სთეითის“ პოლიტიკის მსხვერპლად” გამოაცხადა – დღეს მთავრობის მეთაური ირწმუნებოდა, რომ სწორედ “დიფ-სთეითის” პოლიტიკაა, რომ რიგ ქვეყნებს თავი “ძლიერად არ აგრძნობინოს”.
ამ ქვეყნებში კობახიძემ უკრაინა და მოლდოვა მოიაზრა – ქვეყნები რომელთაც ევროკავშირმა მოლაპარაკების პირველი კლასტერი გაუხსნა.
“ოცნების” ლიდერის მტკიცებით, “არის ქვეყნები, რომელთა რეალური დახმარებაც შეუძლია ევროპულ ბიუროკრატიას, თუმცა ისინი ამას არ აკეთებენ”.
“რატომ არ ეხმარებიან მოლდოველ ხალხს? არ ეხმარებიან, რადგან მარტივი ლოგიკაა, რომელიც „დიფ-სთეითს“ აქვს – შენს აგენტურასაც არ უნდა დაეხმარო იმისთვის, რომ ზედმეტად ძლიერად არ იგრძნოს ვინმემ თავი” – განაცხადა კობახიძემ.
არის ქვეყნები, რომელთა რეალური დახმარებაც შეუძლია ევროპულ ბიუროკრატიას, თუმცა ისინი ამას არ აკეთებენ. როდესაც გინდა ქვეყანას დაეხმარო, ფული უნდა ჩაასხა ამ ქვეყნის ეკონომიკაში, ეს ნიშნავს შესაბამისი ქვეყნის გაძლიერებას, რაც ერთადერთხელ გააკეთა ამერიკის ძველმა ადმინისტრაციამ და ევრობიუროკრატიამ, ეს იყო 2009-2011 წლები, როდესაც ომის შემდგომ იყო უმძიმესი ეკონომიკური ვითარება და აგენტურა, სააკაშვილის რეჟიმი იყო გადასარჩენი. ერთადერთი შემთხვევა როდესაც ეკონომიკაში ფული ჩაასხეს, იყო 2009-2011 წლები. 2009-2011 წლებისა [გარდა], როცა უცხოური აგენტურა იყო გადასარჩენი, ამ ქვეყანაში არც ერთხელ და არცერთ სხვა შემთხვევაში, ეკონომიკაში ფული არ ჩაუსხამთ. თან საქართველო მცირე ქვეყანაა. ჩვენი ეკონომიკა მთლიანად 38 მილიარდი დოლარია, ამაზე ბევრად ნაკლები იყო წლების წინ, საქართველოს ფეხზე დაყენებას არაფერი სჭირდებოდა, ისევე როგორც მოლდოვის დაყენებას არ ჭირდება არაფერი და ამ დროს მოლდოვაში უმძიმესი და კრიზისული ვითარებაა. ბოლო სამი წლის განმავლობაში მოლდოვის რეალური ეკონომიკა ჯამურად შემცირდა, ბოლო 5 წლის განმავლობაში 13.5 მილიარდი დოლარით გავზარდეთ სხვაობა საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის.
იქ ხომ ის ხალხია, ვინც მოსწონს ევროპულ ბიუროკრატიას და რატომ არ ეხმარებიან მოლდოველ ხალხს? არ ეხმარებიან, რადგან მარტივი ლოგიკაა, რომელიც „დიფ-სთეითს“ აქვს – შენს აგენტურასაც არ უნდა დაეხმარო იმისთვის, რომ ზედმეტად ძლიერად არ იგრძნოს ვინმემ თავი. ქვეყანამ სუსტად უნდა იგრძნოს თავი, იმისათვის, რომ ადვილი იყოს მისი დაქვემდებარება, ეს არის „დიფ-სთეითის“ სამწუხარო პოლიტიკაა, რომლის მსხვერპლიც მოლდოვის, უკრაინის მოსახლეობაა და რომლის გამოც, ქართველ ხალხს მთელი ამ წლების განმავლობაში, არსებითად და თვისებრივად არავინ დახმარებია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




